“ამერიკის ხმის” დამატებით 639 თანამშრომელი, მათ შორის მეც, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს”– წერს “ამერიკის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი მაია ქვარცხავა.
“მანამდე, წინა თვეში 500-მდე ადამიანს დავემშვიდობეთ, ძალიან ბევრ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალს. “არ ვეთანხმები ასე მასიურად ჩემი და ჩემი კოლეგების არასწორ დახასიათებას. მათ ჩვენი მშვენიერი ქვეყნის სამსახურს წლები მიუძღვნეს”, – თქვა ანიტა პაუელმა, “ამერიკის ხმის” ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა და მეც ასე ვფიქრობ. უმეტესობა ამგვარ მოპყრობას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ჩვენც შევეცდებით ახალი რეალობისთვის თვალის გასწორებას.
მუდმივი ხომ ცხოვრებაში არაფერია, ცვლილების გარდა (ჰერაკლიტე). იმედს დავიტოვებ, რომ უჩვენოდ იქნება ეს, თუ ჩვენთან ერთად, “ამერიკის ხმის” 83-წლიანი ისტორია და ტრადიცია აქ არ დასრულდება და ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითი ცვლილება იქნება. ჩემი და ბევრის ღრმა რწმენით, ჩვენი საერთაშორისო მაუწყებელი, რომლის ნაწილიც თითქმის 15 წელი ვიყავი, პრესის თავისუფლების მაჩვენებელთა მუდმივი კლების ფონზე, მსოფლიოს ჯერ კიდევ ძალიან ჭირდება. ირანში განვითარებული მოვლენები ამის მორიგი დადასტურებაა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გულშემატკივრობისთვის, ზარებისთვის, წერილებისთვის.”- წერს მაია ქვარცხავა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს