ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას წერილით მიმართავს:
“ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას სირიელი ხალხისა და პირადად თქვენი აღმატებულებისადმი. ძვირფასო პრეზიდენტო, ქართველი და სირიელი ხალხის ურთიერთობათა ისტორია სათავეს იღებს ძველი ეგვიპტის,შემდგომ ანტიკური პერიოდის, რომის და ბიზანტიური ეპოქებიდან.
ამ ფონზე ჩვენი ხალხის დიდი გულისტკივილი გამოიწვია თქვენი წინამორბედი,მოსკოვის სატელიტი ასადის რეჟიმის მიერ თავის დროზე საქართველოს განუყოფელი ნაწილის,ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთა აღიარებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასევ დიდად საწყენია,რომ თქვენ დღეს მიიღეთ ე.წ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თვითგამოცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჩვენ ველოდებით,რომ სირიის ახალი ხელისუფლება თქვენი ხელმძღვანელობით უკან წაიღებს ამ ყოვლად უსამართლო გადაწყვეტილებას და აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოსთან,რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის უდიდესი საფუძველი გახდება.ჩვენს მხრივ მზად ვარ ხელი შეგიწყოთ, რათა ამერიკის შერთებულმა შტატებმა და ევროპამ, თქვენს ქვეყანას დროულად მოუხსნას საერთაშორისო სანქციები, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში შემიძლია ჩამოვიდე დამასკოში, რათა პირადად გაგაცნოთ დეტალური ინფორმაცია ამ პრობლემის ისტორიულ,პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ასპექტებზე. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ დიდ პატივისცემას”- წერს შალვა ნათელაშვილი.
სირიის მოქმედი პრეზიდენტი აჰმედ ალ- შარაა, ფსევდონიმით (ალ ჯულანი) მსახურობდა სუნიტური ისლამისტური პროთურქული ტერორისტული ორგანიზაცია თაჰრირ აშ-შამის ემირად.
2016 წელს ალ-ქაიდასთან კავშირის გაწყვეტამდე, ჯულანი იყო ამჟამად უკვე დაშლილი ან-ნუსრას ფრონტის ალ-კაიდას ყოფილი სირიული ფილიალის ემირი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ-ჯულანი 2013 წლის მაისში შეიყვანა „განსაკუთრებულად საშიში ტერორისტების“ სიაში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დააწესა ჯილდო 10 მილიონი დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაჭერას შეუწყობდა ხელს, თუმცა შეთავაზება გაუქმდა 2024 წლის დეკემბერში მას შემდეგ, რაც ჯულანი შეხვდა ამერიკულ დელეგაციას.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს