ფეისბუქის გაუქმებულ გვერდებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს

1408
წაკითხვა/ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფეისბუქის მიერ, მთავრობასთან ასოცირებული ჯგუფებისა და გვერდების  გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ხელისუფლების კავშირს აღნიშნულ ჯგფებთან.

იმ ჯგუფთან, რომელზეც facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია ლაპარაკი, პარტია ,,ქართულ ოცნებას” და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
თუმცა გაუქმებული ანგარიშების უდიდესი ნაწილი, ჩანს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას ან ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებზე (რაც პრინციპში არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც ტყუილების თქმას საჭიროებს).

facebook-ის განცხადებაში ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიაზე ნათქვამი არ არის არც ერთი სიტყვა – როგორც ამას ნაცები ტირაჟირებენ.

მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის მხარდამჭერებიც, რაც აქამდე ყავდათ, ბოლო კვირების განმავლობაში ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონკრეტულ წარმომადგენლებს თხოვნით – მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლო დღეებში შეგვიძლია გავიხსენოთ დასავლური ოფიციოზის პოზიციისგან განსხვავებული ერთი-ორი ასეთი განცხადებაც.

ასევე ბოლო კვირების განმავლობაში მთელი მათი პარტიული აქტივი (თავისი ბოტ-ტროლებით და ფეიკ- გვერდებით) ისტერიულად არეპორტებს ყველა იმ facebook მომხმარებელს და გვერდს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას სახელისუფლებო წრეების მიმართ და წერენ ნეგატიურად ნაცმოძრაობაზე.
ამის დასტურია ისიც, რომ ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკ-გვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, facebook-ის მიერ გაუქმებული არ არის.

facebook-მა საქართველოს გარდა გააუქმა აშშ-ს და ვიეტნამის არაავთენტური ანგარიშებიც.

ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ. დარწმუნებული ვარ მალევე გამოჩნდებიან ამის წინააღმდეგ წამსვლელი ადამიანები და იტყვიან, რომ რისკის ქვეშ დგება სიტყვის თავისუფლება. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იქნებიან ეს ადამიანები.

P. S. იმის მიუხედავად, რომ მოცლილი ხალხისთვის (სხვა საქმე ვისაც არ აქვს) არაავთენტური ანგარიშების დარეპორტება და გაუქმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, დღეს facebook-ში ზეიმი აქვთ ნაცებს, მათ ბოტებს და ტროლებს, “ოცნების” ბოტები და ტროლები გააუქმესო. სინამდვილეში ,,ქართულ ოცნებას” ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, მხარს ბოტები და ვირტუალური ადამიანები კი არ უჭერენ, არამედ ნამდვილები. ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

თქვენი კომენტარი?