განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ავტორი: თამთა ბიბილაშვილი, სპეციალურად multimedia.ge-სთვის (სამხრეთ კორეიდან)


მინდა მოგიყვეთ ჩემსთავზე. რიგითი კორეამანი-ჩემი სახელია თამთა ბიბილაშვილი. 10 წელზე მეტია შეყვარებული ვარ კორეაზე. თავიდან ყველაფერი კორეული სერიალებით და K-pop-ით დაიწყო. ნელ-ნელა გავეცანი შორეული აზიის ამ ულამაზესი კუთხის ტრადიციებს, ისტორიას, კულტურას და მივხვდი რომ ამ ქვეყანას სხვანაირი ხიბლი აქვს.

მას შემდეგ გადავწყვიტე კორეასთან დაკავშირებულ საქართველოში გამართულ ყველა ღონისძიებას დავსწრებოდი და ნამდვილად, არც ერთი მათგანი არ გამომიტოვებია. დროთა განმავლობაში გამიჩნდა სურვილი ამ ღონისძიებების ნაწილი მეც გავმხდარიყავი და მახსოვს არაერთში ვყოფილვარ როგორც მონაწილე, ისე დამხმარე ორგანიზატორი.

მაშინ საქართველოში კორეის პოპულარობა ჯერ კიდევ იდგამდა თავის ფესვებს და დარწმუნებული ვიყავი, მომავალში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდებოდა კორეით. ჩემი ინტერესი და სიყვარულიც დღითიდღე იზრდებოდა და მინდოდა კორეული ენა ისე მესწავლა, რომ სერიალები და ფილმები ტიტრების გარეშე მენახა, სიმღერების აზრი გამეგო, ჩავწვდომოდი კორეული ენის სიღრმეებს და გამეგო მათი მნიშვნელობა. მახსოვს, კორეულ სიმღერებს ისე ვყვებოდი, რომ იქიდან მხოლოდ 1-2 სიტყვის მნიშვნელობა თუ მესმოდა. ან კიდევ სერიალების ყურების დროს ერთი და იმავე ეპიზოდს ვაბრუნებდი, რომ დამეზეპირებინა სიტყვები და მაქსიმალურად მიმეახლოვებინა ჩემი ნათქვამი იმ სიტყვებისთვის, რასაც ამბობდნენ.

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვიყავი, რომ შევედი თავისუფალი უნივერსიტეტის კორეული ენის კურსებზე, 2 წელი ვისწავლე და შემდეგ მილენიუმის უცხო ენათა ცენტრში გადავედი, ჯერ კორეული ენის სწავლის გასაგრძელებლად, შემდგომ იქვე ვმუშაობდი კიდეც კორეული ენის მასწავლებლად დამწყებთათვის.

წლების განმავლობაში ვეცადე, რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მიმეღო, დამეგროვებინა ცოდნა და გამოცდილება. გავიგე კორეის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის შესახებ (KGSP-Korean Government Scholarship Program) უფრო სწორად, ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ არა დეტალურად და ჯერ ბაკალავრიატის დასრულება მინდოდა საქართველოში და თუ ოდესმე გადავწყვეტდი კორეაში სწავლას, მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვფიქრობდი.

2019 წლის იანვარში სააპლიკაციო პროცესის დაწყებისას გადავწყვიტე მეც შემეტანა ჩემი საბუთები და მეცადა. რატომღაც თუ ვიტყვი, იმედი არ მქონდა მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მეგონა ამ წელს არ გამომივიდოდა. საბუთების შეგროვებისას არაერთ პრობლემას გადავაწყდი და სიმართლე გითხრათ, ადვილი არ ყოფილა, მაგრამ რა არის ადვილი ცხოვრებაში? მით უმეტეს, თუ ეს ჩვენს ოცნებას და მომავალს ეხება.

მოკლედ, მეც ჩემი ოცნების ასახდენად ბევრს ვმუშაობდი და საელჩოში გასაუბრებაზე მიუხედავად უსაზღვრო ნერვიულობისა, მაქსიმალურად ვეცადე ყველა კითხვაზე გულწრფელი და ამომწურავი პასუხი გამეცა. სტიპენდიანტთა გამოქვეყნების დღეს, მობილურ ტელეფონზე შემოსულმა ზარმა ისე გამახარა ენით ვერ აღგიწერთ. იმ დროს მეგონა ქვეყანაზე ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო. დიდხანს არ მჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო და რომ ჩემი ოცნება ნამდვილად ახდა და კიდევ დიდი ხანი ვერ ვიჯერებდი, სანამ თვითმფრინავში არ ჩავჯექი და არ დავდგი ფეხი ინჩონის აეროპორტში.

 კორეაში რომ ჩამოვედი, კულტურული შოკი მქონდა. რა თქმა უნდა, ამდენი სერიალის და სხვადასხვა გადაცემის ნახვის შემდეგ ასე თუ ისე ვიცოდი რაღაც-რაღაცები, მაგრამ ყველაფერი ისე არ იყო კორეაში, როგორც მეგონა, იმაზე უფრო ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა აქაურობა და მეც დავეწაფე ყველაფრის ნახვას, გამოკვლევას და გაგებას.

 კორეის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამამ მაგისტრატურამდე 1 წლის გამნავლობაში კორეული ენის უფრო უკეთ შესასწავლად და კორეაში ცხოვრების შესაჩვევად ჯერ სხვა რეგიონში გვანგჯუში გამგზავნა. ამჟამად კორეული ენის კურსებს გავდივარ ჩონნამის უნივერსიტეტში (Chonnam National University) და მაგისტრატურაზე სწავლას მომავალ წელს უკვე სეულში გავაგრძელებ.

გვანგჯუში ყოფნის განმავლობაში ჩონნამის უნიერსიტეტის დახმარებით და არა მხოლოდ, ჩავერთვე არაერთ ღონისძიებაში და მინდა რამდენიმე მათგანის შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვეთ.

ჩონნამის უნივერსიტეტის პროგრამათა ფარგლებში კორეული ენის მაშინ მე-5 საფეხურის სტუდენტები წაგვიყვანეს გვანგჯუს რადიოსადგურში. იქ რასაკვირველია, კორეულად უნდა ისაუბრო. დირექტორმა და პროდიუსერმა აგვიხსნეს საბაზისო წესები და 1 საათის განმავლობაში მიგვყავდა გადაცემა. გავაცანით ჩვენი თავი რადიომსმენელს და  კორეელებისათვის რამდენიმე  საინტერესო კითხვაზე გავეცით პასუხი: საიდან და როგორ დაინტერესდით კორეით? რატომ აირჩიეთ სწავლის გასაგრძელებლად მაინცდამაინც კორეა? რა არის საინტერესო კორეაში ცხოვრებისას, ან რამე სირთულეებს თუ გადააწყდით?

გადაცემის დასრულების შემდეგ პროდიუსერმა გვითხრა, თუ ვინმეს გვექნებოდა სურვილი გაგვეგრძელებინა რადიოსთან თანამშრომლობა, სიამოვნებით მიგვიღებდნენ. ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, ისე მომეწონა გადაცემის ჩაწერა და მთელი პროცესი, რომ რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვთქვი სურვილი, დავუტოვე ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და რამდენიმე დღის შემდეგ მიწვევაც მივიღე.

ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კორეაში რადიო ეთერს წავიყვანდი და ძალიან გამიხარდა, რომ მიმიწვიეს. ამჟამად, მე და იორდანელ გოგოს ერთად მიგვყავს გადაცემა სახელად „იუსენგიუიუ“ (კორეულად: 유생유유 რაც იშიფრება, როგორც საზღვარგარეთ სასწავლოდ წასული სტუდენტის ცხოვრება). ჩვენი გადაცემის მიზანია კორეელ მსმენელს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნები და ავუხსნათ მათ, თუ როგორია უცხოელი სტუდენტის ცხოვრება კორეაში.

მოგეხსენებათ ბევრ სიკეთესთან, საინტერესო და სახალისო ამბებთან ერთად ეს არც თუ ისე ადვილია, იყო შორს შენი ოჯახისგან და ცხოვრობდე მარტო. ჩემი მხრიდან, ბევრს ვლაპარაკობ საქართველოზე და ყოველ გადაცემაში ვცდილობ ახალ-ახალი ნიუანსები გავაცნო კორეელ რადიომსმენელებს საქართველოს შესახებ.

რაღა მოგახსენოთ და რადიოგადაცემის ჩაწერის დროს ძალიან ვხალისობ კიდეც და ვეცნობი ჩემთვის ამ სრულიად უცხო სფეროს სპეციფიკას. პროდიუსერიც ყოვეთვის მზადაა დაგვეხმაროს და ამის გარდა, გვიტარდება ტრეინინგები ტექნიკური საკითხების შესასწავლად. ჩვენი ჩანაწერები იდება youtube არზხე და ყველას შეუძლია მისი მოსმენა.

ერთი თვის წინ რადიოსტუდიაში მოვიდა გვანგჯუს ყოვეთვიური გაზეთის ჟურნალისტი და რამდენიმე სტუდენტისგან აიღო ინტერვიუ. აინტერესებთ უცხოელები როგორ ატარებენ რადიოეთერს და რა შინაარსისაა მათი გადაცემები. არაერთი კითხვა დაგვისვა და სულ ბოლოს გვეკითხება: „რას ისურვებდით, რომ თქვენმა მსმენელმა თქვენი გადაცემის მეშვეობით გაიგოს?“ მე პირადად ავუხსენი, რომ ჯერ კიდე ბევრმა კორეელმა არ იცის საქართველოს შესახებ ბევრი რამ და რომ სწორედ ამ გადაცემის მეშვეობით მინდა გავაცნო ჩემი სამშობლო და უფრო მეტად დავაახლოვო შორეული კორეა და ჩემი საქართველო ერთმანეთს.

რამდენიმე დღის წინ კი კიდევ ერთი დაუჯერებელი შანსი მომეცა გამეცნო საქართველო სკოლის მოსწავლეებითვის. დიდი დაკვირვებით გავამზადე პრეზენტაცია და თან გული სიამაყით მევსებოდა, რომ ჩემს სამშობლოს ვაცნობ კორეის მომავალ თაობას, რომლებიც იმ გრძელი პრეზენტაციის უმეტესობას თუ ვერა, იმას მაინც დაიმახსოვრებენ, რომ არის ასეთი მრავალფეროვანი და მზიანი ქვეყანა ევროპის და აზიის გასაყარზე და ეცოდინებათ რა ფერია ჩვენი დროშა.

კორეაში ცხოვრების პერიოდში ძალიან მინდა  დავათვალიერო ყველა საინტერესო და ცნობილი ადგილი, რომლებიც სერიალებში მინახავს ან წამიკითხავს მათ შესახებ, მივიღო რაც შეიძლება მეტი გამოცდილება, ინფორმაცია და განათლება და ასევე, გავაცნო ჩემი საყვარელი სამშობლო კორეელ ხალხს, რომლებიც ამ ბოლო დროს დაინტერესდნენ კავკასიის რეგიონით, კერძოდ, საქართველოთი.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შანსი მხვდებოდა წილად, პირველ რიგში, ოცნება ამიხდა და ჩამოვედი კორეაში, და რომ ასეთ დაუვიწყარ მომენტებს შევქმნიდი აქ. დარწმუნებული ვარ, ახლა საქართველოში სულ უფრო და უფრო მატულობს კორეით დაინტერესებულთა რიცხვი და მათ, ვინც კორეული ენის სწავლას გადაწყვეტს, ვიცი, რომ ადვილი არაა, მაგრამ არასდროს დანებდეთ და მიჰყევით თქვენს ოცნებას. გჯეროდეთ და ყველაფერი აუცილებლად გამოვა!

აქვე, ექსკლუზიურად  გთავაზობთ თამთა ბიბილაშვილის ემოციურ ვიდეოს

თქვენი კომენტარი?