სოროსი და უამრავი სხვა მილიარდერი მომავალში დებს დიდ ფულს, ბიძინამ საბჭოთა ინტელიგენციას ჩამოურიგა ფული

1407
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ბერძენიშვილი – “რესპუბლიკური პარტია”


სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ბოლო საბჭოთა თაობის დროს მივიღეთ. თავისუფლებას დამოუკიდებელ სახელმწიფოში გაზრდილი პირველი თაობა იმკვიდრებს თავისთვის (ჩვენთვისაც).

სტანდარტულ ხალხს, დახავსებული უმრავლესობის უფერულ ადამიანებს ( მათივე თანატოლების, კოლეგებისგან განსხვავებით) არც ახალგაზრდობაში გაურისკავთ დამოუკიდებლობის იდეისთვის წახმარება არც სიტყვით, არც კალმით, არც ფუნჯით, არც ჰანგით , არც სცენით თუ კამერით, დინამოს სტადიონზე ” საქართველო, საქართველოს” შეძახილითაც კი…..არაფრით, არც კი უოცნებიათ(არც მის სულ ბოლო, თითქმის უხიფათო სტადიაზე), ჩაბღაუჭებული იყვნენ საბჭოთა( რუსულ) პასპორტებსა და პარტბილეთებს. არც მოწიფულ ასაკში ელტვიან თავისუფლებას – არც საკუთარს და არც სხვისას. . არც ესმით, უკვირთ და აღიზიანებთ ღირებულებებისთვის თავგანწირვა. “ადამიანს მისჯილი აქვს, იყოს თავისუფალი” – მათთვის გაუგებარი მეტაფორაა.

ილია ამბობდა, ხანდახან ხმა იწონებაო. თავისუფალი ადამიანების ხმა გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე არათავისუფალის მილიარდები. მილიონი უგებს მილიარდს ნებისმიერ ვალუტაში, როცა მილიონი ხმაა – თავისუფალი ადამიანების ხმის წონა მეტია და იმიტომ.

ამიტომაც ჩაებღაუჭება ბიძინა ხელისუფლობას – მისი რაობის, უსაფრთხოების, პატივმოყვარეობის ერთადერთ გარანტს.

ედება ღობე/ყორეს, ეპოტინება ფროიდს, რუსთაველს, ბარათაშვილს, ნიცშეს…მისთვის გასაგებ ენაზე ვიტყვი: “უნახავმა რა ნახაო”

ნაციის არსს და გენეზისს არ ეშვება და როგორც ხდება ხოლმე, უცოდინარი კაცი მარტივი კალკულაციით “ჩააანალიზებს” სიღრმეებს და რუსთაველის აფორიზმის პრეტენზიით იტყვის: “ღვინომ მოითხოვა სიმღერა”..ღვინის და პოლიფონიის ერთადერთი გამომგონებელი რომ ჩვენი წინაპარი იყო, ეს ხომ საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობა ჰგონია, სუფრა და თამადის ფენომენი კი სოციალური სოლიდარობის მთავარი მიღწევა კაცობრიობის ისტორიაში. საშუალო სტატისტიკური საბჭოთა ქართველია დღესაც და ცდილობს, ეს საბჭოური, წარსულის აზროვნება აღუმართოს ზღუდედ ახალგაზრდების (ალბათ, საკუთარ ოჯახშიც) დასავლურ მომავალს.

მ ე ც ო დ ე ბ ა. დარჩა ფულის ტომარა. რაც მეტი იშოვა, მეტი იწვალა, მეტს მიედ-მოედო, საჯაროდაც გარისკა და… უფრო დიდი ფულის უფრო დიდი ტომარა გამოჩნდა.

ყოველი მისი მომდევნო პრეტენზია ინტელექტუალობაზე მორიგი წარუმატებლობაა.

სოროსი, გეითსი და უამრავი სხვა მილიარდერი მომავალში დებს დიდ ფულს. ბიძინამ საბჭოთა ინტელიგენციას ჩამოურიგა ფული. მხოლოდ საბჭოთა წარსულში ჩადო, არასაბჭოთაში არა – რეპრესირებული მოხუცებისთვის კი გროშიც არ გაიმეტა. თავადაც საბჭოთაა და იმიტომ..

ხოდორკოვსკი და ლებედევი 10 წელი ისხდნენ. მათაც დიდი წილი შეხვდათ საბჭოთა ეკონომიკის გადანაწილებისას…და ბიძინასგან განსხვავებით, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნეს. “თუ არჩევანი მაქვს მილიარდერ ემიგრანტობასა და პოლიტპატიმრობას შორის, მე ვირჩევ პოლიტპატიმრობას”. თქვა ხოდორკოვსკიმ – დაბრუნდა მოსკოვში დასავლეთიდან მაშინ და ჩაჯდა. მეგობარი ლებედევის გამოც ჩაჯდა. უამრავი მაგალითია ჩვენშიც მეგობრისთვის, სამშობლოსთვის, რწმენისთვის, იდეისთვის თავგანწირვის. ბიძინასთვის კი თავგანწირვა დღემდე მტრული, საფრთხის შემცველი, სისუსტის მამხილებელი კატეგორიაა. არ ეყვარება მაგას ვაჟა ექიმი!

არც ლიბერალური დემოკრატიის მოსურნეა და ვერც განათლებული ავტორიტარიზმის შემძლე…შეგვრჩა ხელში ჩვეულებრივი, მოსაწყენი ფულის ტომარა. ჰოდა მოგვწყინდა.

2020- იც მოვიდა. აცდენილია ბიძინა კალენდარს. გავთავისუფლდეთ. არჩევნებით გავთავისუფლდეთ! თავისუფლება დაგვებედოს!”

თქვენი კომენტარი?