ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, გაიგეთ, არ შემიძლია – მოგონებები სესილია თაყაიშვილზე

543
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რეჟისორ ელდარ შენგელაიას მოგონებებიდან:


“ცისფერი მთების” სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი შინ.

– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა, გაეცნოთ და…

– ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, გაიგეთ, არ შემიძლია.

ცოტა ვიეშმაკე და ვუთხარი:

– იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.

– რომელი რედაქტორი მე ვარ, მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, – მომახალა.

ფარხმალი არ დავყარე, როგორც იქნა, დავითანხმე და მეორე დღეს დავურეკე:

– ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?

– წავიკითხე. მოდი და რაღაცას გეტყვი.

იმწამსვე გავიქეცი, კარი თავად გამიღო და რას ვხედავ – საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია, ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს. ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს.

– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს, – მითხრა.

– დეიდა სესილია, აგერ არ ხარ? – შევაპარე.

– არა, არა, მე არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა, მე უკვე იმ ასაკის ვარ…

– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს – ვუთხარი.

– მეც მაქანავებს – შემომჩივლა.

ბოლოს და ბოლოს, დავითანხმე:

– კარგი, მაგრამ იჩქარე, იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.

გადაღებებზე საავადმყოფოდან მოგვყავდა. მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა”.

თქვენი კომენტარი?