ამერიკელი კონგრესმენების წერილი პრემიერს – თამარ ჩუგოშვილის გამოხმაურება

559
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი  – ეხმიანება ამერიკელი კონგრესმენების მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გამოგზავნილ წერილს და ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით

“მოკლედ კონგრესმენებისგან მიღებული გზავნილების, პრობლემის და გამოსავლის შესახებ.

ფაქტია, მივიღეთ ვითარება, როდესაც უმთავრესი პარტნიორის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებისგან კეთდება მძიმე განცხადებები, რომლის ანალოგსაც პირადად მე ვერ ვიხსენებ. ეს გამოწვეულია ნდობის კრიზისით, რაც პირველ რიგში, 14 ნოემბრის მოვლენებმა წარმოშვა.

არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული განცხადებები ლობისტური საქმიანობის შედეგი იყოს, მაგრამ ნამდვილად არა 4 კონგრესმენის წერილი.

ამ 4 წევრს შორის არის ორი უმაღლესი რანგის წევრი, საგარეო კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე და მისი პარალელი რესპუბლიკელი წევრი. ასევე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარე (დემოკრატი და რესპუბლიკელი). ეს წერილი ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური წრეების ოფიციალურ ორპარტიულ პოზიციად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ამ დროს ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება ხელისუფლებამ დაუშვას არის შემდეგი გზავნილების გაშვება:
1. კონგრესში 500-მდე წევრია და წერილს მხოლოდ 4 აწერს ხელს (ზემოთ ავხსენი, რატომ არაა ეს 4, მხოლოდ 4 და რატომ არის ის მთელი საგარეო კომიტეტის ხელმძღვნელობის და კონკრეტულად საქართველოზე მომუშავე კონგრესმენების პოზიცია);
2. კონგრესმენებს არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან რაზე საუბრობენ (ამ კონგრესმენებს წლები აქვთ საქართველოსთვის მუშაობაში გატარებული და ჩვენი ქვეყნის თხოვნებზე უარი არასდროს უთქვამთ. მათი დაინიცირებულია “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” და ბევრი სხვა);
3. კონგრესმენების წერილს ნუ კითხულობთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი კონკრეტული განცხადება იკითხეთ (ჩვენგან განსხვავებით, ამერიკაში ძალაუფლება ნამდვილად გამიჯნულია და აშშ კონგრესი ისეთივე ძლიერია, როგორც აღმასრულებელი შტო);

ყველა ეს გზავნილი აღწევს კონგრესის ყურამდე, ისინი ითარგმნება, იგზავნება, კონფლიქტს უფრო ამწვავებს და დამძიმებული ფორმებით გვიბრუნდება უკან.

ასევე, არამხოლოდ თანამდებობის პირების განცხადებები აღწევს ვაშინგტონამდე, არამედ ტროლების, ბოტების და მსგავსთა კოორდინირებულად გავრცელებული მესიჯების ძირითადი არსი.

რაც შეეხება გამოსავალს, მინდა ვთხოვო მმართველ გუნდს, შეცვალეთ ტაქტიკა, შეცვალეთ მესიჯბოქსი, დაარწმუნეთ პარტნიორები, რომ არჩევნები სამართლიან და კანონიერ გარემოში ჩატარდება და შემდგომ ეს პირობა შეასრულეთ. სხვა შემთხვევაში ყველა ერთად ვზიანდებით. ჩემთვის ეს პროცესი უმძიმესი საყურებელია და თითოეული სიტყვა, რომელსაც ვამბობ, ემსახურება გამოსავლის ძიებას და არა რაიმეს სხვას”– წერს თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE