თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა (ვიდეო)

540
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება. ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ ისაუბრა.

„გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნულის საფუძვლად კი, უთითებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გამოკითხვისას გაცხადებული გარემოებების შესახებ, თითქოსდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ე.მ.-ს არ მისცეს დროულად მედიკამენტები“

„მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემბერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა“

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა. ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“ – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE