პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის დედა მზად არის, რომ საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში სასჯელი მოიხადოს. ამ საკითხზე მან “ფორმულის” ეთერში ჩართვისას ისაუბრა.
მარინა რამაზაშვილისთვის გაუგებარი და აბსურდულია ის ბრალი, რაც პროკურატურამ მას და მის მეუღლეს წარუდგინა.
ის ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შვილის სანაცვლოდ ჩაჯდეს ციხეში და ამბობს, რომ არ ეშინია, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც, მისი თქმით, არის მშიშარა, ცხოვრობს გათხრილ სოროებში, შეხვედრებზე დადის “დუშ-კაბინით””, ვერ არ ართმევს ხელს ადამიანებს და არ სვამს სხვის მოწოდებულ წყალს.
“რომც მოხდეს ჩემი ექსტრადიცია და რომ ჩამომიყვანონ საქართველოში, მერე რა? – დავჯდები ამ ციხეში, თუ ჩემი შვილია ციხეში მეც ვიქნები, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ამით შემაშინებს, ძალიან ცდება, თვითონ შეშინდება, მშიშარა კაცია, სულ სოროები აქვს დათხრილი და იქ ცხოვრობს.
შეშინებული რომ არ იყოს “დუშ-კაბინებით” ივლიდა ხალხთან შესახვედრად? ხელის ჩამორთმევის ეშინია, შეხვედრის ეშინია, ვიღაცის გაწვდილი წყლის დალევის ეშინია, რომ არ მოწამლონ”- განაცხადა მარინა რამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის ბრალდების საფუძველზე, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან, შესაბამისად, თუ ისინი საქართველოში ჩამოვლენ, მათი დაკავება მოხდება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს