ბატონო შალვა, უკვე დაუკრეფავში გადადიხართ – ნათელაშვილი და ნიკა გვარამია ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ

612
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ეს ყველაფერი კი არჩევნების მეორე ტურში დამდგარმა შედეგმა და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებამ განაპირობა. გვარამიამ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ლეიბორისტებიც დაადანაშაულა იმაში, რომ მათ არ მოუწოდეს თავის ამომრჩეველს ხმა მიეცათ გრიგოლ ვაშაძისთვის, რაც იმის წინაპირობა გახდა, რომ  არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე გაკეთდა.

ცოტა ხნის წინ შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 2007 წლის 7 ნოემბრის ვიდეო, როდესაც ნიკა გვარამია გენერალური პროკურორის მოადგილე იყო და ნათელაშვილს რუსულ კავშირებს ედავებოდნენ, თუმცა წლები გავიდა და გვარამიამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მას ძალიან უყვარს შალვა ნათელაშვილი, თავის მხრივ არც ნათელაშვილი  არ მალავდა სიმპატიებს, მაგრამ ყველაფერი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აირია, როდესაც ლეიბორისტების ლიდერმა ხელისუფლება და ნაც.მოძრაობა გარიგებაში დაადანაშაულა, ხოლო “რუსთავი2”-ის დაქირავებული კომპანია “ედისონ რისერჩი” კვლევების გაყალბებაში.

“აი 2007 წელშიც ასეთი მართალი იყვნენ ჩემთან ნიკა გვარამია და ნაცები როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ პიარ- კამპანიაში არიან ჭეშმარიტნი. ისე კარგი იქნება ნიკამ დღეს მაინც აღიაროს, რომ ამ სასტიკ დევნას სხვებთან ერთად მათი პარტიის მაშინდელი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილიც ავალებდა,თუმცა საერთო საიდუმლოებებზე ისინი არ საუბრობენ.ერთმანეთს ხომ არ ჩაუშვებენ.საერთო წარსული მათთვის წმინდათა წმინდაა.”– წერს შალვა ნათელაშვილი, რასაც გვარამა გამოეხმაურა.

“ახლა ბატონო შალვა უკვე დაუკრეფავში გადადიხართ და ამ სტატუსით გამოვლენილ ზნეობის თქვენ სტანდარტზე რომ დავეშვა, ამოვალაგებდი ახლა და აქვე “ნიკა ძმაო, ჩემო მხსნელოს” და მსგავს მონაწერებს. 

ყველაზე მეტად რომ გიჭირდათ და უკლებლივ ყველა ტელევიზიაში ბანი გედოთ, მარტო რ2 გაშუქებდათ პირადად ჩემი ინიციატივით და თქვენდამი კეთილგანწყობით, თორემ თქვენ არც მთავარი პოლიტიკური ძალა ხართ ამ ქვეყანაში და გავძლებდით როგორმე თქვენი ამერიკული ვიზიტების და ყველა თქვენი პრესკონფერენციის გაშუქების გარეშე (როგორც სხვა ტელევიზიები ძლებდნენ, ახლაც ძლებენ და მომავალშიც გაძლებენ).

ტეხავს ეს ყველაფერი, ჩემო ბატონო შალვა. ტეხავს და გაღმა გამოედავეს, გერჩივნოთ, საკუთარ შეცდომებზე დაფიქრდეთ. რომ გაიტრუნეთ მთელი მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და ამით სიგნალი მიეცით საკუთარ მომხრეებს, ვისაც გინდა მიეცით ხმაო. ხოდა, მივიდნენ და ზურაბიშვილი შემოხაზეს, რაც დიდი სირცხვილი მგონია. 
ამით დავასრულე თქვენთან საუბარიც და ურთიერთობაც”– წერს გვარამია.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE