ბოლო ამბები
08/10/2025

პრემიერი მოუწოდებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენს, რომ დაგმოს საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა

გაზიარება

ჩემი მოწოდებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, დაგმოს მკაფიოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამით ქმედითად დაამტკიცოს ქართველი ხალხის წინაშე, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ მოქმედებს ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

„თუ სურთ, დაამტკიცონ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დამხობის პროვოცირება და ა.შ. ეს უნდა დაამტკიცონ ქმედითი ნაბიჯებით და პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა მკაფიოდ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. იყო გაორებული განცხადებები თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა მიულოცა პრეზიდენტ ყაველაშვილს ერთ-ერთი დღესასწაული, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ზოგადი განცხადება, სადაც საუბრობდა არა ხელისუფლებაზე, არამედ ხალხზეც. სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა „დიფ სთეითის“ გავლენით, არამედ მოქმედებს ამერიკელი ხალხის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და ამის ყველაზე მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა.

თინა ბოკუჩავამაც კი დაგმო ხელისუფლების დამხობის მცდელობა და რა გაუჭირდა ან ევროკავშირს ან სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ეს მცდელობა.  ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, რაზეც ამერიკელ კოლეგებს გავუზიარეთ დახურულ ფორმატში ჩვენი ინფორმაცია, გულწრფელად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფების საეჭვო დაფინანსებასთან დაკავშირებით. ველოდებით რეაგირებას. რაც შეეხება საჯარო რეაგირებას, ყველაზე მკაფიო საჯარო რეაგირება, რაც ქართველ ხალხს დაუდასტურებდა, რომ არ არსებობს ასეთი ინტერესი, რომ ქვეყანაში მოაწყოს ვინმემ არეულობა, იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საჯაროდ დაგმობა. რაც თინა ბოკუჩავამ დაგმო, დაგმოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა