თავდაცვის მინისტრი ამერიკის ახალ ელჩს შეხვდა

335
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მზარდი საგარეო დაფინანსება (FMF) და ერთობლივი წვრთნების გაზრდილი მასშტაბები. ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.
თავდაცის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიტი დაესწრნენ.

თქვენი კომენტარი?