ბოლო ამბები
04/11/2025

კობახიძემ იმდენად მოაჯადოვა ივანიშვილი, რომ უერთგულეს ხალხს ასჯევინებს, როგორც კი ძალას მოიკრებს, არც ივანიშვილს დაინდობს – ირმა ინაშვილი

გაზიარება

პატრიოტთა ალიანსის მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე სოციალურ ქსელში წერს:

“დიახ, ირაკლი კობახიძე ჩვენი დროის ბასილი მაკედონიელია! ის სიღრმისეულად ჩასწვდა ივანიშვილის სულს, გულსა და ხასიათის თავისებურებებს, შეიცნო, რა დროს „ჩააგდოს“ ცრუ-სიტყვა, რა ვითარებაში „ჩააწოდოს“ ცბიერი აზრი, რა მდგომარეობაში „ჩაუფინოს“ ბოროტი ტყუილი.
კობახიძე დღეს პრემიერ-მინისტრია, ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, 10 წელია პოლიტიკაშია, ვინმემ ამიხსნას, რა არგო კობახიძემ ქვეყანას და ხალხს? ვინმემ დამანახოს, მისი კეთილი საქმეები? სინამდვილეში კობახიძეს მაბეზღარობის, ცილისწამებისა და ადამიანების განადგურების გარდა, რაიმე სასარგებლო და სასიკეთო საქმე არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის არ გაუკეთებია.

კობახიძემ მოაჯადოვა და შეიპყრო ბიძინა ივანიშვილი! 10 წლის წინ ივანიშვილს შეხვდებოდით და გადაარწმუნებდით, ის საღ აზრს იზიარებდა! დღეს ხმასაც ვერ მიაწვდენთ – კობახიძე გადაგეღობებათ! კობახიძემ იმდენად მოაჯადოვა ივანიშვილი, რომ უერთგულეს ხალხს ასჯევინებს! ღარიბაშვილისთვის ივანიშვილზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობს და, ვინც ღარიბაშვილს იცნობს – ესმის, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილს არასდროს უღალატებს. ეს ივანიშვილმაც იცოდა, მაგრამ ივანიშვილს აზრი შეუცვალეს და ყველაზე დიდი წვლილი ამაში სწორედ კობახიძემ შეიტანა – ამას ღარიბაშვილის დასაცავად კი არ ვწერ, არამედ იმიტომ ვწერ, რომ გავაცნობიეროთ, რაოდენ დიდი საშიშროებაა ამ ქვეყნისთვის ირაკლი კობახიძე!
„ოცნების“ არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ დავუბრუნებივართ სააკაშვილის ეპოქაში, კობახიძემ კი დაგვაბრუნა! მეტიც, საბჭოთა ეპოქაში დაგვაბრუნა!
ათობით უკანონობაა დაკანონებული! მე პირადად ვიცნობ ივანიშვილს და გეუბნებით – ის არ ქმნის კანონებს! ამ უკანონო კანონების ავტორი კობახიძეა და ეს კანონები რეალურად კობახიძის ძალაუფლებას აძლიერებს!

სწორედ კობახიძემ გვაუწყა ტელეეკრანებიდან, რომ ქვეყანაში მხოლოდ ის პარტიები დარჩება, რომლებიც მას დაემორჩილებიან! ეს ჩემთვის სიახლე არაა, ადრეც დავწერე და გავმეორდები – კობახიძეს სძულს ყველა, ვისაც კონკურენტად მოიაზრებს! 7 წლის წინ არ მალავდა, რომ „ოცნების“ გარდა, ყველა პარტია ხუთ პროცენტიანი უნდა იყოს და თანაც, მისი მორჩილი! 7 წლის წინ არ მალავდა, რომ ხელოვნურად უნდა შექმნან პარტიები, დანარჩენები კი – გაანადგურონ! ანუ შექმნეს მაგალითად, „გირჩი“, პატრიოტთა ალიანსის განადგურებას კი, წლებია ცდილობენ! პარტიებზეც სულ მალე ცალკე წერილს დავწერ.

მასობრივი დაჭერების თვალსაზრისით, კობახიძე სააკაშვილს უკვე დაეწია და მალე გადაასწრებს კიდეც, საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს და ამას მიაღწია კიდეც. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის თანხმობით ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მერაბიშვილი და ადეიშვილი რომ არ ჰყოლოდა – დაჭერების მასშტაბი ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეში ერთდროულად სულდგმულობს მერაბიშვილიც, ადეიშვილიც და თავად სააკაშვილიც! სააკაშვილი თავისიანებს მაინც ინდობდა! კობახიძე კი, ყველაფერზე ხელისმომწერია, ის ყველას შეგვეხება, პირადადაც შეგვეხება და ჩვენს ოჯახებსაც არ დაინდობს!

კობახიძე არაერთხელ ესტუმრა ირანს. ეტყობა, იქ ძველი სპარსული „სიბრძნე“ შეისისხლხორცა: „სამეფო ტახტი უდაბნოში ამოზრდილ ხესა ჰგავს, თუ შენიანების სისხლით არ მორწყე, გახმება!“ ჰოდა, როგორც კი ჩვენი დროის ბასილი მაკედონიელი ანუ ირაკლი კობახიძე ძალას მოიკრებს, არც ივანიშვილს დაინდობს!”- წერს ირმა ინაშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა