პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, რომელიც რამდენიმე თვეა ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის და საზღვარგარეთ მკურნალობდა, საქართველოში ბრუნდება. როგორც ის წერს, ანალიზების მიხედვით, აღმოჩენილია ახალი მეტასტაზები, ხოლო ძველი მეტასტაზებიც გაიზარდა, რის გამოც, ექიმებმა განუცხადეს, რომ მკურნალობის მხრივ, მათ აღარაფერი შეუძლიათ და სჯობს საქართველოში დაბრუნდეს.
“გუშინ ჩამიტარდა სრული გამოკვლევა, შედგა დიდი კონსილიუმი, სადაც 7 თვის განმავლობაში დადებული შედეგების შესახებ იმსჯელეს ჩემმა ექიმებმა: 2 ონკოლოგი (მათ შორის კლინიკის ონკოგანყოფილების ხელმძღვანელი), ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჰეპატო გასტრო-ენტერელოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, რომლებმაც კვლევის შედეგების გაშიფვრის შემდეგ განმიცხადეს, რომ აღმოჩენილია ახალი მეტასტაზები, ძველები კი საგრძნობლად არიან გაზრდილები, ჩვენ მეტი აღარაფერი შეგვიძლია და სჯობს სასწრაფოდ გადაფრინდეთ თქვენს ქვეყაში, სანამ ფრენის გადატანას შეძლებთო.
გუშინ შუაღამეს გადამიღეს კარდეოგრამა და პირობა დამადებინეს, რომ არავითარი სახლში მისვლა, აეროპორტიდან პირდაპირ ჰოსპიტალში უნდა დავწვე.
მოკლედ, მოვფრინავ სამშობლოში!
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
მადლობა თქვენ სულიერი, ფიზიკური და მატერიალური შეწევნისათვის! ყოველსა ზედა იყოს ნება ღვთისა – ამინ”- წერს ლევან ჩაჩუა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

