საქართველოს ფოსტამ ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფოსტო მარკა გამოსცა

257
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ფოსტამ 2019 – 2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში „ეროვნული გმირი“ – ჟიული შარტავას მარკა გამოსცა. მარკის ვიზუალში წარმოდგენილია ჟიული შარტავას პორტრეტი, რომლის ავტორიც გახლავთ მხატვარი თამაზ ხუციშვილი, ხოლო ფონზე გამოსახულია ეროვნული გმირის ორდენი და ჟიული შარტავას სახელობის მთა.

„ჩვენთვის მეტად საპასუხისმგებლო და საამაყოა საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ჟიული შარტავას მარკის გამოცემა, ამგვარად ჩვენ შევძლებთ მისი ღვაწლი და დამსახურება გავაცნოთ მთელ მსოფლიოს“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბაში „Cartor Security Printing”. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა, მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 2,40 ლარს, წარმოდგენილია ერთმარკიანი მცირე ფურცლით და გამოიცა 25 000-იანი ტირაჟით. საფოსტო მარკა მიმოქცევაშია და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

საფოსტო მარკა, ისევე როგორც დროშა და გერბი აღიარებულია ქვეყნის სიმბოლოთ. მარკის მეშვეობით ხდება ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, რადგან ამ პატარა ზომის ფურცელზე ასახულია ქვეყნის ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ფაქტები.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE