23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

2830
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. 1921 წლის 11 თებერვალს წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაესხა თავს. 17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ. 22-23 წლის იუნკერებს სამხედრო სკოლის ეზოში საქართველოს ჰიმნის ფონზე შეხვდნენ, ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა მათ.

იუნკერებს თბილისის მისადგომების დაცვა დაევალათ. კურსანტებმა 7 კილომეტრის საბრძოლო პოზიცია კოჯორ-ტაბახმელასთან დაიკავეს.

იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. ბოლშევიკების იერიშების მიუხედავად, იუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. საქართველოს შეიარაღებული ძალები, გენერალ კვინიტაძის სარდლობით თბილისს 1 კვირის განმავლობაში იცავდა.

მე-11 არმიამ შეტევა გააძლიერა და ტაბახმელისკენ გადაისროლა წითელ კურსანტთა ბრიგადა, რომელიც ყველაზე აგრესიული მებრძლებისგან შედგებოდა. ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელა ვერ აიღეს, მარგამ შეავიწროეს ქართული ნაწილები.

მას შემდეგ, რაც თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა, მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლისა და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.იუნკრების მიერ პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე მიიღეს.

1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი დაიჭრა და დაიღუპა. იუნკერებთან ერთად დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო მაყაშვილი ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო და ის ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი წითელი ჯვრის რაზმს შეუერთდა.მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს.

რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერები და ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში არიან დაკრძალული.

 

თქვენი კომენტარი?