ბოლო ამბები
05/12/2025

შალვა ნათელაშვილი არაბული საინვესტიციო კომპანია “იგლ ჰილსი”-ს მფლობელს მიმართავს და აფრთხილებს

გაზიარება

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არაბული საინვესტიციო კომპანია “იგლ ჰილსი”-ს მფლობელს მიმართავს და აფრთხილებს:

გვინდა გაცნობოთ, რომ სრულიად საქართველო აღშფოთებულია თქვენი გეგმებით, ააშენოთ ჩვენს ქვეყანაში დასახლებები უცხოელთათვის, რაც ყველა სხვა შედეგს რომ დავანებოთ თავი, გამოიწვევს ისედაც დემოგრაფიულ კატასტროფაში მყოფი ჩვენი მცირე ერის გადაშენებას იმ მიწიდან, რისთვისაც ქართველმა ხალხმა ათასწლეულები იბრძოლა და მათშორის აქედან – 400 წელი არაბული ხალიფატის დამპყრობელთა გასათავისუფლებლად.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ თბილისსა და გონიოში ამგვარი დასახლებების მშენებლობაზე კონტრაქტები გააფორმეთ საქართველოს პრო-რუსულ რეჟიმთან, რომლის ლეგიტიმურობა დემოკრატიული სამყაროს მიერ აღიარებული არაა; ეს რეჟიმი წარმოადგენს მოსკოვის კოლონიურ ადმინისტრაციას, და ამ რეჟიმის შეცვლისთანავე გაუქმდება არამარტო ყველა მათ მიერ მიღებული უსამართლო კანონები, არამედ ყველა კონტრაქტი, მათ შორის თქვენთან დადებულიც, რაც გამოიწვევს უდიდეს ზარალს თქვენს ქონებრივ მდგომარეობაში-და ამაზე გვინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ.

ამასთან, გაცნობებთ, რომ რუსული რეჟიმის მეთაური ივანიშვილი და მისი სამთავრობო გარემოცვა დასანქცირებული არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი რიგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, როგორც რუსეთის სატელიტი, ადამიანის უფლებათა დამრღვევი, კორუმპირებული და შავი ფულის გამთეთრებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები.

თუ თქვენ გააგრძელებთ მათთან დადებული არალეგიტიმური კონტრაქტებით საქართველოში აღნიშნულ დამანგრეველ საქმიანობას, ჩვენ იძულებულნი გავხდებით, თქვენი და თქვენი კომპანიების საკითხიც დავაყენოთ საერთაშორისო სანქცირებაზე, რის თაობაზეც ახლავე გაფრთხილებთ.

იმედია მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და არ დაუშვებთ საქართველოში უკანონო საქმიანობას არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, იურიდიული ძალის არმქონე კონტრაქტების საფუძველზე. ამ წერილის/გაფრთხილების თაობაზე ჩვენ ვაცნობებთ ყველა საერთაშორისო სასამართლო- საარბიტრაჟო ინსტანციას, რომ საერთაშორისო დავების წარმოშობის შემთხვევაში ქართული სახელმწიფო არ აგინაზღაურებთ არავითარ გაწეულ ხარჯებს.

იმედია, საქართველოში ყოველთვის გვეწვევით ტურისტად და ასევე აქ ინვესტიციებით გახსნით ფაბრიკა-ქარხნებს, ტექნოპარკებს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრებს, შესაბამისად-სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის; აგრეთვე შემოიტანთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რასაც სიხარულით შეხვდება ყველა”- ნათქვამია ლეიბიროსტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წერილში, რომელიც არაბულ საინვესტიციო კომპანია “იგლ ჰილსი”-ს ხელმძღვანელს გაუგზავნა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა