საპატრიარქოს განცხადება “ქართული მარში”-ს აქციასთან დაკავშირებით

459
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს საპატრიარქო “ქართული მარში”-ს მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ამა წლის 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან გაიმართა „ქართული მარშის“ აქცია; ისმოდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები „ზოგიერთი იერარქისა“ და საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიმართ.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული მარშის“ ხელმძღვანელისა და მისი რამდენიმე წევრის მხრიდან ცრუ, ღირსების შემლახველი, მუქარის შემცველი განცხადებები საპატრიარქოს წევრთა მიმართ პირველი არ არის, ბოლო პერიოდში კი ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამასთან, ეს კეთდება ეკლესიისადმი ვითომდაც გულშემატკივრობის სახელით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჯაროდ გაკეთებული უხეში ცილისწამებების საბაბად დავით გარეჯის ბერთუბნის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული კომენტარი აღმოჩნდა. „მარშელებმა“ აიტაცეს და გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავისი ვერსია იმის შესახებ, თითქოს პრესსპიკერმა ბერთუბანი აზერბაიჯანულ ძეგლად გამოაცხადა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

სინამდვილეში დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ჟურნალისტთან ნათქვამი საერთოდ არ გულისხმობდა ამ ძეგლის რომელიმე ქვეყნისათვის კუთვნილების საკითხს, არამედ საუბარი ეხებოდა ბერთუბნის კომპლექსის არსებობას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო აკონტროლებს;
ბერთუბანი კი, რომ უძველესი ქართული სიწმინდე და კულტურის ძეგლია, არც მამა ანდრიასთვის და არც საქართველოს ისტორიის მცოდნე ნებისმიერი ადამიანისათვის სადავო არ არის.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ შენიშვნა თავად სტატიის ავტორმა ჟურნალისტმაც გაავრცელა და ამის მერე არანაირი ორაზროვნებისათვის ადგილი აღარ რჩებოდა.

მიუხედავად ამისა, პატრიოტული პათოსით განმსჭვალული შეურაცხმყოფელი განცხადებები ,,მარშელთა მხრიდან“ რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდა, რაც შემდგომში საპატრიარქოსთან ჩატარებულ 20-25 კაციანი აქციაში გადაიზარდა და წერილობითი მოთხოვნით დასრულდა.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხად-ჰყო, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მესვეურნი არასწორ და მკვეთრად უხეშ პოზიციას მიზანმიმართულად აფიქსირებენ და რეალობა არ აინტერესებთ. ამიტომაც, ისინი საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ კარგა ხნის წინ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად თავისთავად იქცნენ.”– აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?