არ უნდა მოვდუნდეთ არც ერთი წამით – გიორგი გახარია

527
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კორონავირუსის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, მცირედი ზეგავლენა დღევანდელი დღისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში, კი იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ექიმებს, მესაზღვრეებს და მებაჟეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვირუსი, სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, ეს ის ბრძოლაა, სადაც ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს გახლავთ ის შედეგები, რომელსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ არც ერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ერთობლივი ბრძოლის ეფექტურობა.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მადლობა გადავუხადოთ, ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის მინიმიზაცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?