MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ფაზაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი, შესაბამისად, მთავრობამ და სამედიცინო სექტორმა მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ზომები და შეზღუდვები.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, თითოეული სამინისტრო და სახელმწიფო უწყება, საკუთარი სფეროს მიხედვით, დღის ბოლომდე წარმოადგენს ინფორმაციას ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საუბარი არ არის საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე.

პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრებმა მოახსენეს საკვებ მარაგებთან დაკავშირებით არსებული ვითარდება და აღინიშნა, რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტების მარაგი საკმარისზე მეტია და ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს.

საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებს მიეცათ ასევე რეკომენდაცია, მათ მფლობელობაში არსებულ იჯარით გაცემულ ქონებაზე გადასახადების შეჩერების შესახებ.

პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება. აღინიშნა, რომ აღნიშნული პროდუქციის ადგილზე წარმოება იძლევა შესაძლებლობას, დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნილება, რომელიც გააჩნიათ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს და მოქალაქეებს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას, შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით. როგორც სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს სექტორში უკვე გათავისუფლებულია საწოლი ადგილები, თუმცა ასევე არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ საჭიროების შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში შეიქმნება კიდევ დამატებითი სიმძლავრეები, რომელიც საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სექტორს, უფრო მეტ მოქალაქეს გაუწიოს დახმარება.

პრემიერ-მინისტრმა საჯარო სექტორს მისცა დავალება, კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი და დამსაქმებლებმა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს, სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი

თქვენი კომენტარი?