ტელეკომპანია “თრიალეთი”-ს ხელმძღვანელობის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს:
“ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ტელეკომპანია “თრიალეთი” იძულებულია საჯაროდ მოგმართოთ არსებული ვითარებისგამო, რომელიც უკიდურესად საფრთხისშემცველია ჩვენი მაუწყებლობის უწყვეტი
ფუნქციონირებისთვის.
ჩვენი თქვენდამი წინა მიმართვა, პრემიერის ადმინისტრაციამ გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს. ვინაიდან ჩვენი საჩივარი ეხება სწორედ აღნიშნული უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასა და მიზანშეწონილობას, მიგვაჩნია, რომ მისი გადაგზავნა იმავე უწყებაში, ვერ უზრუნველყოფს საკითხის მიუკერძოებელ და ობიექტურ შეფასებას.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინკასოს საფუძველზე, კომპანიის ანგარიშებზე ყველა ჩარიცხული თანხა ავტომატურად და დაუყოვნებლივ იჭრება. შედეგად, კომპანიას არ რჩება რესურსი საარსებო ხარჯების დასაფარად.
არსებული ვითარება ქმნის რეალურ რისკს, რომ უახლოეს პერიოდში რეგიონული მაუწყებელი იძულებული გახდება შეწყვიტოს ფუნქციონირება.
ტელეკომპანია “თრიალეთი” უკვე 36 წელია, წარმოადგენს რეგიონში ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს. ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას ასიათასობით მოქალაქეს, ვაშუქებთ ადგილობრივ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, ვქმნით პლატფორმას საზოგადოებრივი დისკუსიისთვის. ჩვენი საქმიანობის შეწყვეტა გამოიწვევს რეგიონში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემცირებას და საზოგადოებრივი ინტერესის დაზიანებას.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ:
• ჩვენ არ ვუარყოფთ საგადასახადო ვალდებულებას;
• 2021 წლიდან მიმდინარე გადასახადებს სრულად და რეგულარულად ვიხდით;
• მზად ვართ დავალიანების ეტაპობრივი და შეთანხმებული დაფარვისთვის.
თუმცა სრული და დაუყოვნებელი ინკასოს აღსრულება, არ წარმოადგენს პროპორციულ ზომას და იწვევს რეგიონში დამოუკიდებელი მედიის გაქრობას და სამუშაო ადგილების დაკარგვას.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ღონისძიება, რომელიც იწვევს მედია საშუალების დახურვას, უნდა შეფასდეს განსაკუთრებული სიფრთხილითა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით.
ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთს”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს წერილი საგადასახადო შეთანხმების თაობაზე. მიღებული პასუხის თანახმად, საკითხი განსახილველად გადაგზავნილია მთავრობაში.
გთხოვთ, უზრუნველყოთ საკითხის დროული და სამართლიანი განხილვა და გადაწყვეტილების მიღებამდე, მოახდინოთ ინკასოს აღსრულების დროებითი შეჩერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეგიონული მაუწყებლის დახურვა.
ტელეკომპანია “იმედის” და “პოსტვ”-ის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, თქვენ რამდენჯერმე განაცხადეთ, რომ საქართველოში არცერთ ტელევიზიას არ შეექმნება პრობლემა. სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით გვაქვს იმედი, რომ როგორც სხვა მაუწყებლებს დაუდექით მხარში, ასევე ჩვენს შემთხვევაშიც უზრუნველყოფთ სამართლიან და პროპორციულ გადაწყვეტას.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სამართლიანი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება, მხარდაჭერა გამოხატოს, არა მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული მაუწყებლების მიმართ, არამედ დამოუკიდებელ ტელეკომპანია “თრიალეთის” მიმართაც.
ტელეკომპანია “თრიალეთი” მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და კანონის ფარგლებში ვალდებულებების შესრულებისთვის. ჩვენი მიზანია ისეთი გადაწყვეტილების მიღწევა, რომელიც დაიცავს როგორც სახელმწიფოს ინტერესს, ისე რეგიონში დამოუკიდებელი მედიის არსებობასა და საზოგადოებრივი ინტერესის უზრუნველყოფას.”- ნათქვამია არხის განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

