ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეეტილება რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო, რადგან ფინეთს 1340 კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან.
“ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ, ნატოს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ნორდიული უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში.
„შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხო იქნება“, – თქვა მან.
ფინეთი ნატოს პარტნიორი 1994 წლიდან არის და მონაწილეობას იღებდა რამდენიმე მისიაში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ ნატოს გაფართოება პირდაპირი საფრთხეა მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამიტომ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება პროვოკაციად იქნება აღქმული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ორივე ქვეყანა გაფრთხილებულია ასეთი ნაბიჯის „შედეგების“ შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის ლიდერის ახლო მოკავშირემ, გააფრთხილა, რომ ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება აიძულოს მოსკოვი განათავსოს ბირთვული იარაღი კალინინგრადში, რუსეთის ექსკლავში პოლონეთსა და ლიეტუვას შორის.
სტოლტენბერგის განცხადების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ თქვა:
„იმ შემთხვევაში, თუ ნატოს სხვა წევრების ძალები და რესურსები განლაგდება ფინეთში, ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად“, თუმცა მან არ დააკონკრეტა სხვა დეტალები.
მომზადებულია Multimedia.ge-ს მიერ, BBC-ის მასალების გამოყენებით.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს