MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ერთი რამ მინდა სრულიად გუწრფელად დავწერო და ამით მოვრჩე ეს თემა. ამ ვირუსმა მთელი სამყაროს მოწინავე ტვინები – დაწყებული ექიმებით და დამთავრებული ეკონომისტებით, სრულიად უმწეო მდგომარეობაში ჩააყენა. ყველა ეძებს ამ დგომარეობიდან გამოსავალს. პირველ რიგში, ექიმები.

ცდიან წამლებს, მიდგომებს და ა.შ. ძალიან კარგად მესმის ადამიანურად თენგიზ ცერცვაძის – მან დაიწყო კონკრეტული წამლების კომბინაციით მკურნალობა და ერთ კვირაში ეს კომბინაცია ამერიკის პრეზიდეტმა „game changer“-ად გამოაცხადა. მის ადგილას ვის არ ეგონებოდა, რომ უკვდავების წყალი მის ხელშია, რომ ტრაპმა ფაუჩი უნდა გაწიოს და გვერდით ის უნდა ამოიყენოს. ამიტომ, ამ უკვდავების წამლით ისე გაერთო, რომ როგორც თვითონ ამბობს თარგამაძესთან ინტერვიუში, პირველიდან ბოლო პაციენტამდე ყველას მისცა ეს წამალი. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ვირუსთან ბრძოლა ასე მარტივი არ გამოდგა.

ამ ბრძოლის დინამიკა ისეთია, რომ შეიძლება ითქვას, ყოველდღე იცვლება მიდგომები. იდება ახალი, (თუმცა სამწუხაროდ, არასრულყოფილი) კვლევები. ამიტომ, დღეს ის არის კარგი ექიმი და კარგი კლინიკა, ვინც ამ ყოველდღიურ დინამიკას მიჰყვება, გულწრფელად ამბობს, რომ გუშინდელმა მიდგომებმა არ გაამართლა, მაგრამ სამაგიეროდ რაღაც გამოცდილება შესძინა, რადგან მსოფლიოს წამყვანი კლინიკების საუკეთესო ექიმები მართლა ამას ამბობენ.

ხოდა, როცა უცხოეთში წასულმა და იქ დიდი კლინიკებში მომუშავე ექიმებმა დაიწყეს ფრთხილად ამ წამალზე საუბარი, მის ტოქსიკურობაზე და მძიმე გვერდით ეფექტებზე, ბნ. თენგიზი გაბრაზდა, ეწყინა, რომ უცხოეთში წასული ვიღაც ბავშვები მას უკდავების წყალს ართმევდნენ, ამიტომაც თქვა გუშინ – ზურა გურულს სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდაო, ანუ ჩემი შურს, რადგან უკვდავების წყალი ტრამპამდე ჯერ კიდევ მე აღმოვჩინეო. მერე ეს გულწრფელი გაბრაზება ბინძურმა ლაშა ნაცვლიშვილმა გამოიყენა მის პოლიტიკურ კამპანიაში ჩასართავად და ასე დაიწყო ეს ძალიან უსიამოვნო პროცესი.

დღეს ტრამპისა და ცერცვაძისთვის არ არის კარგი დღე, რადგან ცნობილი გახდა, რომ NIH ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის პანელი წინააღმდეგია ჰიდროქსიქლოროქუინის (პლაქინილი) და აზიტრომიცინის კომბინირებული თერაპიის. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს რომელიმე ექიმის პროფესიონალიზმის დაკნინებას, პირიქით დღეს პროფესინალიზმი მოითხოვს, რომ აღიარო, რომ გუშინ შესაძლოა მართალი არ იყავი, მაქსიმალურად ჩაერთო მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიებში და დებატებში, მიიღო ახალი ინფორმაცია ბევრი წყაროსგან და ამაზე იდებატო კოლეგებთან – ეს არის ერთადერთი ჯანსაღი პროცესი და ამ პროცესში ყველა ექიმი უნდა იყოს ჩართული. ჩვენთან კი ამის მაგივრად, ხელისუფლება ხალხის მტრად აცხადებს არა მხოლო მათ, ვისაც ივანიშვილის ქველმოქმედება არ მოსწონს, არამედ მათ ვინც ჩვენთვის ამ სასიცოცხლოდ აუცილებლი დებატების დაწყებას ცდილობს.

სხვათაშორის, მიდგომების რევიზიის აუცილებლობა ჩვენც გვეხება, უბრალო ადამიანებსაც, რადგან პროცესები იცვლება, ახალი გამოცდილებების შესახე ხდება ცნობილი და ჩვენც გვეცვლება კრიტერიუმები ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლის შეფასებისას. მოკლედ, ვიდებატოთ, მოვუსმინოთ ერთმანეთის არგუმენტებს, მივიღოთ ახალი ინფორმაცია ერთმანეთისგან, ოღონდ არავის არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ ჭეშმარიტების გასაღები მხოლოდ ჩვენს ხელში.
ახლა ცოტას დავისვენებ დაზურაბ გურულთან თან ერთად რამე ვიდეოს ჩავწერ ტიკ-ტოკისთვის”– წერს ეკა კვესიტაძე.

თქვენი კომენტარი?