MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში, შენარჩუნდება პენსიის ზრდა 2020 წლის ივლისიდან 30 ლარით, 70 წელს გადაცილებულთათვის – კიდევ უფრო მეტით, გარდა ამისა, პენსიონერებს, რომლებიც მოხვდებიან შესაბამის სოციალურ ჯგუფებში, ყველა განსაზღვრული დახმარება შეეხებათ.”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

2021 წლიდან კი გადაწყდა, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, რაც პენსიონერებს ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიის სახით.

„ისეთი კრიზისები, როგორიცაა გლობალური პანდემია, შეუძლებელია, გადაილახოს ერთ ან ორ თვეში, თუნდაც ერთ ან ორ წელიწადში; გლობალური პანდემიის შედეგებთან გამკლავება წლების განმავლობაში მოგვიწევს, ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღესვე გვეზრუნა ამაზე და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეგვეთანხმებინა ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე გამყარდება.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული ოდენობის ზრდისა, მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას ეკონომიკის ზრდის 80%-ის ოდენობით. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად, ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებს – 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს თითოეულ პენსიონერს ინფლაციის რისკებს უზღვევს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ პენსიონერების საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გვყავს და სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს 410 ათასი პენსიონერი”,- განაცხადა პრემიერმა.

თქვენი კომენტარი?