MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

რესპუბლიკური პარტიის განცხადება:

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო და უკრაინა მჭიდრო პარტნიორობით ცდილობენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დამოუკიდებელი და
თავისუფალი სახელმწიფოების ჩამოყალიბების გზაზე ჩვენმა სახელმწიფოებმა არაერთი დაბრკოლება გადალახეს ურთიერთთანამშრომლობის გზით.

ჩვენთვის დაუვიწყარია ის მხარდაჭერა, რაც უკრაინამ გამოავლინა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე – ჩვენი ქვეყნის არჩევანის აღიარება.
ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები ოკუპირებულია საერთო მტრის – რუსეთის მიერ. ოკუპაციის უკან ათასობით და ასიათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, ცხოვრება და
კეთილდღეობა დგას. უახლოესი მძიმე წარსულის პირობებში ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები თავგანწირვით იცავდნენ სამშობლოს და თანამოქალაქეებს.

ჩვენი სახელმწიფოების რეალობაში კონფლიქტებით შექმნილი პრობლემების გადაჭრა ურთულეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რასაც მომავალში კიდევ უფრო
გაძლიერებული თანამშრობლობითა და ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება დავუპირისპირდეთ. ჩვენი თანამშრომლობა ბევრად ინტენსიური უნდა გახდეს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სცენაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
ბოლოდროინდელი მძიმე განცხადებები და ქმედებები უკრაინის შიდა პოლიტიკურ/საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.

ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური და არა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით, შესაბამისად, არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

მტკიცედ გვჯერა, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ პარტნიორობას არ შეექმნება დაბრკოლება. ასევე, მიგვაჩნია, რომ წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება გაცილებით უკეთ გაატარებს უკრაინასთან ერთად ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.”- ნათქვამია ტექსტში.

თქვენი კომენტარი?