ბოლო ამბები
01/06/2026

დღეიდან ამოქმედდა სამმართველო, რომელიც ფეისბუქში სიძულვილის ენით დაწერილ პოსტებს გააკონტროლებს

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო შსს-ში დღეიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს.

თემაზე კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ.

“ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას.

პრევენცია არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი. პოლარიზაცია, საზოგადოების გახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება იმ „ვორდინგის“ გამო, გამოხატვის იმ ფორმის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების და უფლების ფარგლებში არ ჯდება და მის მიღმაა, აზიანებს, აბინძურებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს. ასევე, აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანები ელემენტარულ საკითხებში, სამშობლოსთან დაკავშირებულ საკითხებში მაინც. ამ პროცესსაც კი აზიანებს, იმდენად გაღვივდა გარედან თავს მოხვეული დავალებების შესაბამისად ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.

ისეთი ქმედებების პრევენციისთვის, რომლებიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ჩვენ მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა და ამ პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ახალი სამმართველო, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ დღესა და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა, ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა იქნეს აღმოფხვრილი. მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის. ხშირ შემთხვევაში ეს წარმატებით მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოემსახურება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საილუსტრაციო ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტით.

სხვა ამბების წაკითხვა