MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თამბაქოს მომხმარებლები კორონა ვირუსით ნაკლებად ან არ ინფიცირდებიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში ამის დასადასტურებლად არანაირი კვლევა არ ჩატარებულა და ეს იყო სარანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე პაციენტის გამოკითხვის შედეგად მიღებული ერთგვარი შედეგები. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალებს განმარტავს:

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამბაქოს მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ამის ასე ხელაღებით თქმა ძალიან საშიშია, რადგან შეიძლება ადამიანებმა არასწორად აღიქვან და თამბაქოს გამოყენება დაიწყონ. საქმე იმაშია, რომ ფრანგული წყაროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ეს სიახლე გაჩნდა, რეალურად რაიმე ბიოლოგიურ/საბაზისო კვლევას არ ეყრდნობა, ეს არის უბრალოდ სტაციონარში მოთავსებულთა გამოკითხვის შედეგი, რომლის საფუძველზეც რაიმე მყარ დასკვნას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ.

პირიქით, არ უნდა დაგვავიწყდეს (და სხვათა შორის, თვითონ კვლევის ავტორებიც იქვე აღნიშნავენ), რომ მწეველებში მაღალია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გავრცელება, ხოლო ის ფაქტი, რომ ამ დავადებების მქონეებს კორონავირუსით სიკვდილობის გაზრდილი რისკი აქვთ, უკვე ეჭვს არ იწვევს.

ამ ინფორმაციამ საფუძველი დაუდო ახალ კვლევას ნიკოტინის კანზე დასაკრავი საფენების როლზე კორონავირუსით ინფიცირებაში. ამან საფრანგეთში მკვეთრად გაზარდა ნიკოტინზე მოთხოვნა და სახელმწიფო იძულებული გახდა შეეზღუდა ამ პროდუქტების გაყიდვა.

ასეთივე დაუსაბუთებელი იყო იბუპროფენის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟიც, რომელიც არავითარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობოდა და ადამიანებს უარი ათქმევინა ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენებაზე და ყველა პარაცეტამოლზე გადაერთო.

მოკლედ, ასეთ წინაწარ მონაცემებზე დაყრდნობით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ჩვენს ორგანიზმს მეტი პატივი ვცეთ და არ დავიწყოთ რაღაც ნივთიერებების/წამლების გამოყენება. მთავარი პრინციპი დაავადებების მართვაში არის “არ ავნო”. – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

თქვენი კომენტარი?