საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ივნისის ბოლოს დაფიქსირებულმა ექსტრემალურმა სიცხემ, წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, 3 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხელისუფლებები აცხადებენ, რომ საუბარია ე.წ. „ჭარბ სიკვდილიანობაზე“ (excess deaths), რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა ჩვეულებრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა საფრანგეთში დაფიქსირდა, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 2 025 ჭარბი სიკვდილი აღირიცხა. განსაკუთრებით გაიზარდა 45 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა სიკვდილიანობა, ხოლო საცხოვრებელ სახლებში გარდაცვალების შემთხვევები ერთ კვირაში 91%-ით გაიზარდა.
ბელგიაში ხელისუფლებამ დაახლოებით 1 200 ჭარბი სიკვდილი დააფიქსირა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მსგავსი მასშტაბის სიკვდილიანობა სიცხის ტალღის დროს ქვეყნისთვის უპრეცედენტოა.
ნიდერლანდებში კი ჯანდაცვის უწყებების შეფასებით, ექსტრემალურმა სიცხემ დაახლოებით 480 ჭარბი სიკვდილი გამოიწვია, რომელთა უმეტესობა 80 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე მოდის.
სპეციალისტების შეფასებით, სიცხის ტალღა, რომელიც დაახლოებით 20–28 ივნისს გაგრძელდა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მასშტაბის სიცხე ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
ოფიციალური უწყებები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები ჯერ კიდევ წინასწარია და საბოლოო სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

