ბოლო ამბები
24/07/2026

დიმიტრი სამხარაძე მზად არის თავდებში დაუდგეს ონისე ოქრიაშვილის ცემის საქმეზე დაკავებულ ნიკო ხურცილავას

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ მზად არის თავდებში დაუდგეს ნიკო ხურცილავას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვოს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

შეგახსენებთ, ნიკო ხურცილავა დაკავებულია აქტივისტ ონისე ოქრიაშვილის ცემის საქმეზე.

“ვიცი, ჩემს ამ პოსტსაც სანაცეთი აიტაცებს და თავიანთი ლაჩრული ინტერპრეტაციებით მის დამახინჯებას შეეცდება, მაგრამ სიმართლეს, როგორც ადრე, ახლაც ვერ ჩაახშობენ და ვერც დაამარცხებენ! იმის თქმა, რომ ადამიანი ძალადობის მომხრეა, აბსურდია. შეუძლებელია, ვინმეზე ძალადობის სურვილი გაგიჩნდეს ყოველგვარი მიზეზისა და გამწარების გარეშე. არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება პიროვნების, ადამიანის მოქმედება!

ჩემს ოჯახს ნაცების შპინგალეტების მხრიდან ძალიან ბევრი შეურაცხყოფა უნახავს. მათ შორის, პირდაპირ მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით. „არიქა, სამხარაძე გვაგინებს“, „გვემუქრება“, სწორედ მაშინ ასაჯაროებდნენ მსგავს განცხადებებს, როდესაც მათ პროპორციულ პასუხს ვუბრუნებდი. ცდილობდნენ გავეტეხე, შევშინებულიყავი და გუნდისთვის მეღალატა, მაგრამ ასეთ სიამოვნებას ამ აგენტურას არასოდეს ვაღირსებდი.

მათგან შემოტეულს ორმაგი ბრძოლით, დაპირისპირებითა და გაუტეხლობით ვპასუხობდი. პასუხს იღებდნენ მაშინაც და მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ! არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მე, ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი თუ ამომრჩეველი, პირველი ყოფილიყო ვინმეზე გინების, მუქარის ან, მით უმეტეს, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი. ვერც ერთ მსგავს ფაქტს ვერ დამისახელებთ! როდესაც ჩვენი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით გვემუქრებით, შეურაცხყოფას აყენებთ ჩვენს მეფეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ცდილობთ გარყვნილების პროპაგანდის დაკანონებას და ეკლესიას ლანძღავთ, ქართველებისგან შესაბამისი პასუხი არ უნდა გაგიკვირდეთ!!!

მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!

აგენტურა და მათი ურჯულო მეპატრონეები ვერ გადააშენებენ ამ ქვეყანას, სანამ არსებობენ ქართული სულისკვეთებისა და ღირსების დამცველი პატრიოტები!

დიდება ჩვენს სამშობლო საქართველოს!” – წერს სამხარაძე.

სხვა ამბების წაკითხვა