რაც გინდათ ის თქვით, ფაქტია, ქართველმა აჩვენა რომ შეუძლია… გოგი გვახარია

569
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია ფეისბუქში წერს:

“ის, რომ ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეებმა ასე თუ ისე წარმატებით გადავლახეთ კორონაკრიზისი, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა და მერე ყველაფერი დანარჩენის (ყველაზე ბოლოს ზებუნებრივი ძალების)

დიახ, როგორც არ უნდა ავხსნათ ეს, რაც არ უნდა ვუწოდოთ ჩვენს თავს, დამფრთხალები, შეშინებულები, პანიკიორები… რაც გინდათ ის თქვით, ფაქტია, ქართველმა აჩვენა რომ შეუძლია რიგში დგომა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა. დაამტკიცა, რომ ტყუილია და უსამართლო ბრალდებაა თითქოს მას არ ქონდეს სოციალური ორგანიზების უნარი. სადღაც 90-იან წლებში, თვითგვემა გვალაპარაკებდა – ბევრი ამტკიცებდა, რომ სოციალური მგრძნობელობა დაჩლუნგებული გვაქვს, რომ საკუთარ ბინაში იატაკს გავაპრიელებთ, მაგრამ სადარბაზოში ნაგავს დავყრით რადგან იმ სივრცეს საკუთარ სივრცედ ვერ აღვიქვამთ. გახსოვთ ალბათ ხო? მაშინაც იყვნენ ადამანები, რომლებიც ამ დაუმორჩილებლობას, წესების აბუჩად აგდებას, საბჭოთა მემკვიდრეობას აბრალებდნენ. მაგრამ პირადად მე არ მჯეროდა ამ ხალხის და ვბრაზდებოდი კიდეც – როგორ შეიძლება პასუხისმგებლობა აიცდინო და ყველაფერი კომუნისტურ წარსულს დააბრალო.

ახლა ვფიქრობ რომ მართალს ამბობდნენ. დრო შეიცვალა, ახალი თაობა მოვიდა,მე პირადად გაოცებული ვარ, როგორ იქცევიან ამ ქვეყნის მოქალაქეები კორონაკრიზისის დროს. ვერასდროს დავიჯერებდი ამას.

ოღონდ ძვირფასო ხელისუფლებავ, ერთი იცოდე – ქართველებს ერთფეროვნებაც მაგრად ბეზრდებათ. და შეიძლება ასე ცხოვრება ერთ წამში ვერ აიტანონ. ეს შეიძლება მოულოდნელად მოხდეს. ამიტომ ძაანაც ნუ გაგიტკბება ძალაუფლებით ტკბობა”– წერს გოგი გვახარია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE