ბოლო ამბები
06/09/2026

თბილისში გარდაცვლილი ნახეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა

თბილისში მცხოვრები აფხაზი ბლოგერი, 31 წლის დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ცნობით, ის სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეზობლების ცნობითვე, ბუავა ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა და მაშველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ის რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, გარდა ამისა, კორპუსში იგრძნობოდა ხრწნის სუნი.

29 აგვისტოს სამართალდამცველებმა დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი. გამოძიების ცნობით, ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

დაურ ბუავა რამდენიმე წელია რაც თბილისში ცხოვრობს, ჰყავდა ქართველი მეუღლე და ის ცდილობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რასაც მისი ვიდეოებით აკეთებდა.

3 წლის წინ მან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე დადგა წარწერით – მე აფხაზი ვარ, თუ თვლი რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე.

 

სხვა ამბების წაკითხვა