ბოლო ამბები
29/08/2026

სინდისის ტყვეებმა კი არ დათმეს რამე, არამედ რეჟიმმა დათმო ისინი. ვერ გატეხეს – ვიკა ბუკია

“სინდისის ტყვეებმა კი არ დათმეს რამე, არამედ რეჟიმმა დათმო ისინი. ვერ გატეხეს. ვერ აიძულეს სხვებზე ჩვენებების მიცემა. ვერ გადააქციეს ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღად. იჯდნენ ციხეში და იმაზე ბევრად მეტი აიტანეს, ვიდრე ვინმეს აქვს უფლება მათგან მოითხოვოს. და ბოლოს დათმობა ვის მოუწია? რეჟიმს. მათი გამოშვება მოუწია.”- წერს ვიკა ბუკია და ეხმიანება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტს, რომელშიც საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიც მოხვდნენ.

“ქოცები შედიან ციხეში და ჩვენი ბიჭები გამოდიან. რა უნდა იყოს ამაზე უფრო მკაფიო სურათი იმისა, ვინ თმობს პოზიციებს?
ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, ასპარეზობას ვუყუროთ ვინ უფრო დიდხანს გაუძლებს რეჟიმის ციხეს, არამედ ის, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოშვება მოუწიოს.
რაც უფრო მეტი სინდისის ტყვე იქნება გარეთ, მით უფრო ძლიერი იქნება პროტესტიც და თითოეული ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში დგას.

მადლობა ყველა იმ ბიჭს, ვინც ამ დღეებში გამოვიდა. მადლობა იმისთვის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გმირულად აიტანეს. ციხეში ყოფნით მათ არავის წინაშე არაფერი ჰქონდათ დასამტკიცებელი და არც თავისუფლებაზე გამოსვლით დაუკარგავთ პრინციპულობა. და ვინც ჯერ კიდევ ციხეში რჩება, ისინიც გვჭირდება გარეთ. მალე. ყველა.
სინდისის ტყვეების ადგილი ციხეში არ არის. მათი ადგილი თავისუფლებაზეა”– წერს ვიკა ბუკია.

სხვა ამბების წაკითხვა