ფინეთმა რუსეთის საზღვართან დაახლოებით 200 კილომეტრი სიგრძის სასაზღვრო ბარიერის მშენებლობა ოფიციალურად დაასრულა. პროექტის დასრულების შესახებ ფინეთის ხელისუფლებამ 7 სექტემბერს განაცხადა.
ბარიერი ფინეთისა და რუსეთის 1 340-კილომეტრიანი საერთო საზღვრის მხოლოდ შერჩეულ მონაკვეთებზეა აშენებული. პროექტის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა იმ ტერიტორიებზე, სადაც ფინეთის სასაზღვრო სამსახური ბარიერის მოწყობას ოპერატიულად ყველაზე საჭიროდ და ეკონომიკურად გამართლებულად მიიჩნევდა.
ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის მხრიდან ე.წ. „ინსტრუმენტალიზებული მიგრაციის“ საფრთხეა — ფინეთი რუსეთს ადანაშაულებს იმაში, რომ 2023 წელს თავშესაფრის მაძიებლების გადაადგილება საზღვრის მიმართულებით ჰიბრიდული ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. სწორედ ამ ვითარების ფონზე ფინეთმა 2023 წლის ბოლოს რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები დახურა.
სასაზღვრო ბარიერის მშენებლობა 2023 წელს საპილოტე პროექტით დაიწყო. ყველაზე დიდი მონაკვეთები სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთში, დაახლოებით 140 კილომეტრის სიგრძეზე მოეწყო. დაახლოებით 35 კილომეტრი ჩრდილოეთ კარელიაშია, კიდევ დაახლოებით 25 კილომეტრი კი კაინუუსა და ფინეთის ლაპლანდიის ტერიტორიებზე.
პროექტის ღირებულება თავდაპირველად დაახლოებით 380 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ფინური წყაროების ბოლო მონაცემებით, საბოლოო ღირებულებამ დაახლოებით 356 მილიონი ევრო შეადგინა. ინფრასტრუქტურა მხოლოდ ღობეს არ მოიცავს — სისტემა აღჭურვილია ტექნიკური კონტროლისა და მეთვალყურეობის საშუალებებით.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა პროექტის დასრულებისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და მსგავსი ინფრასტრუქტურა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა მომავალში ბარიერის დამატებით მონაკვეთებზე გაფართოება.
ფინეთის რუსეთთან საზღვარი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის რუსეთის ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარია. შესაბამისად, 200-კილომეტრიანი ბარიერის დასრულება ფინეთის მიერ აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნაბიჯად განიხილება.
გავრცელებული ფორმულირება, თითქოს ფინეთმა „რუსეთთან მთელი 1 340-კილომეტრიანი საზღვარი ღობით ჩაკეტა“, არასწორია. დასრულებული პროექტი დაახლოებით 200 კილომეტრს მოიცავს და არა მთელ სახელმწიფო საზღვარს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

