გიორგი ბარამიძის სიტყვა სასამართლო პროცესზე, პატიმრის რანგში:
„პირველ რიგში, აუცილებელია, აღვნიშნო, ეს პროცესი განპირობებულია იმით, რომ საქართველო ხელში აქვს ჩაგდებული იმ რუს ოლიგარქს, რომელიც მე როცა აფხაზეთში ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ – როგორ ვიბრძოდი, თუ არ ვიბრძოდი, მაგას არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ეს უამრავმა ადამიანმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ აქ ზოგიერთი ადამიანი, რომელთანაც შეხება არ მქონია, მსჯელობს, მე ამდენჯერ ვიყავი, თუ იმდენჯერ ვიყავი, რატომ უნდა სცოდნოდათ მათ ეს, გაუგებარია – მე როცა აფხაზეთში ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ, ის რუსებთან ერთად მილიონებს აკეთებდა.
ამ ადამიანის შურისძიება არის როგორც საქართველოს, ისე ჩემ მიმართ, რადგან მას ასეთი ადამიანები ეზიზღება, რადგან ხელი ეშლება იმ დავალების შესრულებაში, რა დავალებაც აქვს მიღებული პუტინისგან, რომ ეს ქვეყანა დაუმორჩილოს რუსეთს, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები გადააბაროს და მთელი საქართველოც გადააბაროს რუსეთს. ეს არის კონტექსტი ყველაფერ იმისა, რაც დღეს ხდება. ქვეყანას მძინარე ცხინვალის დაბომბვას აბრალებდნენ და ფარცხალაძე-ივანოვის სახელობის პროკურატურას არ უჩნდება არანაირი სურვილი რეაგირებისა, რომ როგორ, ეს საქართველოს არ აზარალებს? არ აზიანებს მის რეპუტაციას, მის საერთაშორისო პრესტიჟს? არცერთხელ აზრადაც არ გაჩენილა ამდაგვარი რამ, ერთხელაც არ წამოსცდენია სიტყვა პროკურატურას. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ფარცხალაძე-ივანოვის პროკურატურა. ამ პროკურატურაში არ იცავენ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ პროკურატურაში ასრულებენ სწორედ რუსი ოლიგარქის დავალებებს.
სიტყვა ხვრეტდნენ იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა ეს, უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი. გავიზიარე ეს კრიტიკა, მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობენ. დასაწყისში ვთქვი, რომ ტყვეები არ გვყავდა. თუ ტყვე არ გვყავდა, ვერც ვერავის ვერ მიაყენებ კედელთან. შესაბამისად, ვერც ვერავის ვერ დახვრეტ ამ გაგებით. ბრძოლაში იბრძოდნენ ჩვენები.
მეუხერხულება, რომ მიწევს იმაზე ლაპარაკი, არ ვარ სამშობლოს მოღალატე. თუ ვინმემ ასე გაიგო, თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ვინც წამოეგო ამ რუსულ პროპაგანდას, ვინც არ ნახა ჩემი ინტერვიუ და ემოციები გამოიწვია ამან მასში. თურმე მე დავადანაშაულე ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„პროკურატურაში რატომ არ გაგჩენიათ არცერთს სურვილი, როდესაც ეს რეჟიმი სამშობლოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, რამე გეთქვათ, როდესაც ეს რეჟიმი სამშობლოს ადანაშაულებს მძინარე ცხინვალის დაბომბვაში, რამე გეთქვათ, როდესაც ეს რეჟიმი და მისი მთავარი ოლიგარქი და დიქტატორი ლაპარაკობს, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რამე გეთქვათ და საერთაშორისო ავტორიტეტზე და პრესტიჟზე მაშინ გაგხსენებოდათ რამე.
მაგრამ არა, თქვენ გახსენდებათ მაშინ, როცა გკარნახობენ, რომ ნაბიჯები გადადგათ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებოდნენ ქვეყანას, ემსახურებიან ქვეყანას, მზად იყვნენ და მზად არიან, სამშობლოსთვის თავი გაწირონ. მე ვამაყობ, რომ ამ ადამიანების რიგებში ვარ. ვამაყობ, რომ ერთი რიგითი ადამიანი ვიყავი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა ჩვენი მტრის წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში ჩვენს ბიჭებთან ერთად იყო, როდესაც კიევს ჰქონდა საფრთხე და მომდგარი იყო მტერი კიევთან.
ვიზიარებ, რაც თქვეს ჩემმა ადვოკატებმა აღკვეთთან დაკავშირებით. მე ისედაც გაქცევას არსად არ ვაპირებდი. აქამდე რომ არ ვიყავი დაჭერილი, ცოტა მეუხერხულებოდა კიდეც. აქამდე რომ არ ვიყავი იმ ადამიანების გვერდით, ცოტა მეუხერხულებოდა და მიკვირდა კიდეც.
გამოძებნეს ახლა რაღაცა ბოდვა. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, პრინციპულად. მთელი ეს ერთი თვეა, გრძელდება კამპანია ჩემ წინააღმდეგ, ეს რუსული პროპაგანდა. არ შემეძლო, გადავსულიყავი თურქეთში ან სხვაგან და გავცლოდი აქაურობას? ვთქვი კიდეც, რომ პროკურატურაში არ მივალ, მივალ სასამართლოში. არც არანაირი ობიექტური საშუალება არ მაქვს, რომ ვინმეზე ზეგავლენა მოვახდინო, რა ზეგავლენა უნდა მოვახდინო, როგორ უნდა მოვახდინო ზეგავლენა, უკვე მომხდარ ჩემს ინტერვიუზეა საუბარი ხომ? ფაქტს ხომ ვერავინ შეცვლის? არსად არ გავრბივარ. ჩემი საპატიმროში ყოფნა აბსოლუტურად არავისთვის არ არის საჭირო, გარდა კრემლისა, გარდა პუტინისა და გარდა პუტინის მსახური რუსი ოლიგარქისა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომელიც 2026 წლის 11 სექტემბერს, სამშობლოოს ღალატის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებას კი წინ უძღოდა ბარამიძის მიერ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში აფხაზეთის ომის მოვლენებზე საუბარი, რა დროსაც მან თქვა, რომ მტრის მხრიდან მათთან ტყვედ ჩავარდნილ ადამიანებს ქართველები ხვრეტდნენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

