MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანია „მთავარი“ კვლავ განაგრძობს პარტიული დაკვეთის შესრულებას, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა.”- ასე იწყება განცხადება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

„მთავარი არხი“ არ ერიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული სიცრუის კამპანიის ტირაჟირებას და ცდილობს უსაფუძვლო და ცილისმწამებლური სიუჟეტებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციას. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებაში სრულიად ბინძური ნარატივის ჩამოყალიბება, თითქოსდა, შესყიდვები თავდაცვის სამინისტროში, ემსახურება პარტიულ ინტერესებს. აღნიშნული კამპანია არის მცდელობა დააზიანოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები, როგორც უმაღლესი ნდობის მქონე ინსტიტუტი და ჩრდილი მიაყენოს უწყებაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის მიერ ამჯერად ცრუ ინფორმაციები გავრცელდა პურ-პროდუქტებთან დაკავშირებული, კონსოლიდირებული, ტენდერის შედეგებთან და სამხედროებისათვის პირბადეების შეძენასთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პურ-პროდუქტებთან დაკავშირებულ ღია, ელექტრონულ, კონსოლიდირებულ ტენდერში თავდაცვის სამინისტრო გამარჯვებულს ვერ განსაზღვრავს და მის მიმდინარეობაში ვერც ჩაერევა. ამიტომ, ნებისმიერი ბრალდება ამ მიმართულებით, არის ტყუილი. ასევე, სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო და ამორალური ცილისწამებაა, კომპანია „ილი“-ს დაკავშირება თავდაცვის მინისტრთან, ვინაიდან მინისტრი არათუ რაიმე ფორმით დაკავშირებული არ არის ხსენებულ კომპანიასთან და მის დამფუნძებლებთან, არამედ აღნიშნული კომპანიის არსებობის შესახებ, სწორედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანიების, მთავარის და ტვ პირველის სიუჟეტებიდან შეიტყო.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს ყველა სამხედრო ნაწილი აღჭურვოს სპეციალური დანადგარებით და ადგილზე მოხდეს პურ-პროდუქტების წარმოება.

რაც შეეხება გადაუდებელი წესით პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში პირბადეების შესყიდვას, ბაზრის კვლევის პროცესში განხორციელდა მიმწოდებლებისგან მიღებული სხვადასხვა წინადადებებიდან ყველაზე დაბალი ფასის პრეტენდენტის შერჩევა.

კერძოდ, 1 ცალი 0.75 ლარი. აღნიშნული კომპანია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა პირობას და არ არსებობდა არავითარი საფუძველი, არ გაფორმებულიყო უწყებასთან ასეთი შეღავათიანი კონტრაქტი. შესაბამისად, ყველა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მხოლოდ მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამება.

თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოების ინფორმირების მიზნით კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული მედია საშუალებების ტყუილში მხილებას.”– ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?