MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

“მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ცოტა ემოციური მომენტებიც არსებობდა, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძირითადად, დიდწილად, მე, არა მხოლოდ მე, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველას მწუხარება გვალაპარაკებდა. ადამიანებს გაუკვირდათ ჩემი ემოციური რეპლიკა კურდღლები რატომ დაგვიძახაო, როდესაც დღეს, ამ წუთში აქ არ არიან.

მძიმეა იმის აღიარება, გაცნობიერება, რომ დღეს, როცა ქვეყანაში რეალური კრიზისია, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, როდესაც ეკონომიკური კრიზისია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად უჭირთ და ჩვენ ვსაუბრობთ ისევ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ ყოფილა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აქ მოვედით მაშინ, როდესაც წარვადგინეთ მთავრობის გეგმა, ამ პარლამენტის წინაშე მოვედით. ეს ჩვენი მოვალეობაა, პატივს ვცემთ პარლამენტს, ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს, მაგრამ არც ერთი შეკითხვა ქვეყნისთვის დღეს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არ ყოფილა. ეს ხომ არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებაა, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ, სამუშაო დაკარგეს, ბევრს ოჯახში შემოსავალი დააკლდა, ბევრს სესხები აქვს, ამ თემებზე სასაუბროდ მოვედით და არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდში ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ტრაგიკულია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

ამის მაგივრად რა იყო – ამის მაგივრად იყო გავრილოვი, 20 ივნისი, ხორავას, კერძაიას ტრაგედიების გახსენება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ოპოზიციას, მმართველს, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს თავისი სუბიექტური ან ობიექტური შეფასება, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საბედნიეროდ. მაგრამ დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ყოფილიყო სხვა და ყველაზე ტრაგიკული ამაში ისაა და ჩემთვის მორალურად მართლა გაუგებარია, როგორ შეიძლება კონკრეტული მოქალაქის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია იყოს პოლიტიკური სპეკულირების საგანი.

შეიძლება ეს არ იყოს მთლად კორექტული, მაგრამ პერსონალურად ჩემთვის, დღეს, როდესაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ინფიცირდებიან, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ თუ ქვეყანაში, ცალკე აღებულში გახსნა მოხდება ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, არსებობს ეპიდემიის აფეთქების რისკი, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ეკონომიკურ კრიზისამდე, ეს ხომ თითოეულ ადამიანს ეხება და როცა ამ ყველაფრის ფონზე ადამიანები სამწუხაროდ იქცევიან ასე, ეს შეიძლება დეზერტირობის ტოლფასიც იყოს. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მესმის, რომ რეალური პრობლემებისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებით სპეკულირება მოახდინო საპარლამენტო დარბაზში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, გავიგე, ეს მარტივია. მაგრამ ამის უკან დგას ადამიანების ბედი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, უბრალოდ ელემენტარული მორალური ფასეულობები, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ.

ახლა მინდა, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ წამოგვაძახა, რომ სენატში განიხილება თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომ იქ ისეთი ჩანაწერი იქნება, აგერ ნახავთო; მრჩება შთაბეჭდილება, ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ექსკლუზიური უფლება ჰგონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენის თარგმნა და შემდგომ ამით სპეკულირება ქართულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ამ შეთანხმებას შეასრულებს.

რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ორშაბათს კენჭს უყრის და ქვეყანაში იქნება ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც მივყავართ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს გზა ამ გადაწყვეტილებამდე, იყო საკმაოდ რთული. რა თქმა უნდა, 30 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ოცნება იყო პროპორციული სისტემა და ვერავინ ამ ოცნებას ვერ მიაღწია. რაც არ უნდა ილაპარაკონ, როგორი შეფასებებიც არ უნდა მოხდეს, ამ პარლამენტის კენჭისყრის შედეგად ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვლება და ეს ჩვენი მოვალეობაა, ისევე, როგორც ჩვენი მოვალეობაა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოდიოდა ODIHR-ისგან და ამ რეკომენდაციების მიღება და შემდგომი იმპლემენტაციაც მოხდება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და უმაღლესი სტანდარტის არჩევნები და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის.

ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებთ. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომი პროცესი არ შეჩერდეს და ყველაფერ ამაზეც, მათ შორის, ამ ავტორიზაციის აქტში საუბარია და რა თქმა უნდა, იქაც ყველაზე დიდი ნაწილი პოზიტიურად არის შეფასებული მაგრამ, არა, დეზინფორმაციის, იგივე ფეიკ ნიუსების, მოდელირებული რეალობის მეშვეობით, ადამიანებმა საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური დავის და პოლიტიკური მსჯელობის საგნად გახადეს კონკრეტული სამართლებრივი საქმის კონკრეტული პერსონაჟის, ამ შემთხვევაში ბატონი რურუას საკითხი, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, საკითხის მსგავს ტონალობაში დაყენება ტრაგიკულია.

ჩვენს საზოგადოებას ხომ მეხსიერება აქვს, ჩვენს საზოგადოებას ხომ ახსოვს, რა ხდებოდა 90-იანებში, ჩვენს ზოგიერთ რეგიონს ახსოვს, საერთოდ რა ხდებოდა. ჩვენ ხომ მძიმე 90-იანები გვაქვს გამოვლილი და როდესაც ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ჩვენი რიგითი მოქალაქეები ხედავენ, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანი ხდება სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული ადამიანის სისხლის სამართლის საქმე, ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობს შეურაცხყოფილად. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფეიკ ნიუსები, ეს მოდელირებული რეალობა, ხელოვნურად შექმნილი ისტორიები, ქმნიან საფუძველს იმისთვის, რომ პოლიტიკური მსჯელობის საგანიც კი ხდებოდეს ის, რაც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის არის წარმოუდგენელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ ბატონები საკუთარი ეგოს და ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინით, არაფრად დაგიდევენ იმას, რომ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, მიაყენონ მას ზიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკუთარი ეგოისტური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ეს არის ბოროტება და ზოგიერთს ტაშს დავუკრავდი ახლა აქ რომ ბრძანდებოდნენ და ვეტყოდი, ბატონებო, თქვენ ხართ ჩემპიონები ქვეყნის მტრობაში და ქვეყნისთვის ბოროტების ჩადენაში.

სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვიყოთ კიდევ უფრო პროაქტიულები. ჩვენ, ჩვენი სიმართლე, ობიექტური რეალობა უფრო ეფექტურად უნდა მივიტანოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ყველას ობიექტურად დავანახებთ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის 8 მარტის შეთანხმება, როგორ შევასრულებთ ჩვენ ამ შეთანხმებას, როგორ ჩავატარებთ ქვეყანაში დემოკრატიულ, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტის არჩევნებს. მაგრამ, ყველაზე მეტი იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აღარ ვსაუბრობ უკვე ხარისხზე, საქართველოს პარლამენტში, ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ. მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე გამჭრიახი, ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.”- განაცხადა პრემიერმა.

თქვენი კომენტარი?