პრემიერის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე

449
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ის, რაც ხდება – სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის კომენტირებისას განაცხადა.

„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, პოლიტიკურ შეფერილობას იძენს, სწორედ ამას ვგულისხმობ. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ახლა ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. როდესაც გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, შემდგომ შეიძლება შეფასება. ის, რაც ხდება – სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობების მიღმა“, – განაცხადა გორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას კითხვები სამართალდამცვლების მიმართ, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიების პროცესში რომელიმე პოლიციელმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა.

„მთავარი ის არის, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა – ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა ან კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება, ეს დაადგინოს და ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE