ჟურნალისტი და ცხოველთა უფლებადამცველი ბაკურ სვანიძე თბილისის მერიის მიერ, 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ეხება.
“გამაცანით, რა, იმ თქვენ განცხადებებს ვინ წერს? მაგარი კომიკური ტიპია აშკარად.
როგორ? — „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფი ცილს სწამებს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“. უფ! შენ გენაცვალე! მაგ ჯგუფის სია რომ ჩამოვწერო, მინიმუმ 70 პროცენტი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, აქტივისტები და გულშემატკივრები ვართ. ძალიან ჩალიჩობთ, რომ აღარ ვიყოთ, ფაქტია და რავი, გავითვალისწინებთ თქვენს ასეთ დაჟინებულ თხოვნას!
კიდევ რაო? — „ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ცხოველების დაცვასთან“. აი, ასეთები რომლები ვართ, სია დაწერეთ, რა!
ხელოვნურ ინტელექტს აწერინებთ-მეთქი, ვიტყოდი, მაგრამ ასეთი მაგარი ანეკდოტი ხელოვნურ ინტელექტს არ ეცოდინებოდა, აშკარად: „თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ზრუნავს მიუსაფარ ცხოველთა კეთილდღეობაზე“. აბა, რა! მაგარი „კეთილდღეობა“ ვნახე ჩემი თვალით აფრიკის და მუხათგვერდის სასაფლაოების „მოფარებულ“ ადგილებში გათხრილ სამარხებში!
ბიჯო, მართლა ამდენად მოწყვეტილი ხართ რეალობას და მართლა ვერ ხვდებით, რომ თქვენი ასეთი ტუტუცური და ცილისწამებებით სავსე განცხადებები ბევრად უარეს დღეში გაყენებთ და აღარავის აღარ სჯერა თქვენი?
საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მაინც შეიხედეთ, რას გიწერენ ადამიანები, „ქართული ოცნების“ მომხრეები და როგორ დაგცინიან!
სამარცხვინოა! ამ დონის სიდებილე წარმოუდგენელია!
ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციასაც მარხავთ იმ სულისშემძვრელ სამარხებში, სხვათა შორის. და რავი, დავიჯერო, ამ კაცს მართლა აღარავინ შემორჩა მართლის მთქმელი და შექმნილი სიტუაციის სწორად შემხედავი?
„გვიკვირს, რატომ ინარჩუნებს ეს თემა საზოგადოებაში დღემდე აქტუალობასო?“ — ამას წინათ ერთ თქვენს ბინძურ, ვანდალურ, ჯანმრთელი და არააგრესიული ძაღლების ხოცვა-ჟლეტის მონაწილეს ეწერა…
აი, მანდ ჩანს, რომ გონზე არ ხართ, რა ძალას დაეტაკეთ „მეძაღლეების“ სახით! გონზე არ ხართ ზოგადად ამ სფეროსი და გონზე არ ხართ, რომ ქართველი ხალხი, ქართველი საზოგადოება ძალიან გვიან მოდის გონს, მაგრამ ძალიან „ცუდად“ მოდის!
ბატონო ბიძინა! გატყუებდათ და გატყუებთ ყველა, ვინც გეუბნებათ, რომ „რამდენიმე ათეული გიჟი იყვირებს და გაჩუმდება, ჩაცხრება მალე ეს პროცესიო“!
იცოდეთ, რეალურად არასოდეს ჩაცხრება ეს პროცესი და მისი „ჩაცხრობის“ ერთადერთი საშუალება ამ სისასტიკის შეჩერება და დამნაშავეთა დასჯაა! სხვა შემთხვევაში, გადაყვებით!
და ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო იარლიყი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელიმე ხელისუფლებას ჰქონია — „ძაღლების მჟლეტავები“! ამაზე სამარცხვინო არაფერია და დამიჯერეთ, პირადად მე — „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფის წევრს“, „ბინძურ ცილისმწამებელს“ და „დასაძინებელს“ — მართლა გულით არ მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ სამარცხვინო იარლიყით დაასრულოს!
პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება! ფაქტებს მეც მოგაწვდით და სხვებიც!
ეს უნიჭო და სასაცილო განცხადებები კი მომავლისთვის გამოგვადგება იმის საილუსტრაციოდ, როგორ არ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო დაწესებულება, როდესაც რაიმე სფეროში კრიზისია და საზოგადოება განმარტებას ითხოვს! ეს განცხადებები ამის ნათელი ნიმუშია…
ღმერთო, რა ძალიან ტეხავს!”- წერს ბაკურ სვანიძე.
თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა და მათი უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობა.
განცხადების თანახმად, ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს, აბულინგებს, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.
“გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარას თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ.
რამდენიმე დღეა არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიან მოვალეობას და ემსახურებიან დედაქალაქს.
პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს, უწოდებენ მათ მკვლელებს, მწამებლებს, ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს და ემუქრებიან, არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
ე.წ. ცხოველთა დამცველები, რომელთაც არც ცხოველების და მით უმეტეს არც მოქალაქეების უფლებების დაცვასთან რეალურად არაფერი აკავშირებთ, დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.
გახსოვთ ალბათ, ცხოველთა გადათხრილი სამარხები, ამოყრილი ლეში, ცხოველთა თავშესაფარში შეჭრის მცდელობები და ახლა უკვე პირდაპირი მუქარა იმ ადამიანების ოჯახების მისამართით, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ.
ეს არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ადამიანთა პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობა.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად.
ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა.
ყველა პროცედურა არის საჯარო და დევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვებგვერდზე.
აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად.
რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება.
ერთადერთი, რის შემცირებასაც მონიტორინგი მუდმივად ახორციელებს, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციაა და იგი ხორციელდება სტერილიზაციის გზით.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება.
ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე”- ნათქვამია განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





