“სილქნეტი”-ს თანამშრომლების პროტესტი

278
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კომპანია “სილქნეტი”-ს თანამშრომლები აპროტესტებენ სამუშაო პირობებსა და კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან დასაქმებულთა  მოთხოვნების უგულვებელყოფას.

ამის შესახებ ინფორმაციას “ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი სოლიდარობის ქსელი“ ავრცელებს.

“მოგვმართეს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკური სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც აპროტესტებენ სამუშაო პირობებსა და კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფას.

დასაქმებულების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, “სილქნეტის“ ადმინისტრაცია მათ ემუქრება და აიძულებს პროტესტის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ათავისუფლებს სამსახურიდან. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ გასული 3 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა აბონენტთა რაოდენობა და კომპანია გაფართოვდა თანამშრომლების მუხლჩაუხრელი შრომით, კომპანიის ზრდა აისახა დასაქმებულების სამუშაო დატვირთვაზეც.

კომპანიის თანამშომელები ითხოვენ შემდეგი პრობლემების გამოსწორებას:

1. ბოლო 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა სამუშაო დატვირთვა და სერვისები, ასევე აბონენტთა რაოდენობა; მიუხედავად ამისა, თანამშრომლების ანაზღაურება არ გაზრდილა, პირიქით, გაიზარდა სამუშაო საათები. საბონუსე სისტემით გათვალისწინებული სარგოს არგაცემის მიზნით კომპნიამ ხელოვნურად გაართულა სისტემა, სერვისების დამატებასთან ერთად (ინტერნეტი, IP ტელევიზია, სატელიტური ტელევიზია და სხვა მოწყობილობები და პროდუქტების) არ ხდებოდა თანამშრომლების გადამზადება, სამუშაო პროცესის წარმართვის ინფორმირება, დასაქმებულებს სამუშაო პროცესში უწევდათ ახალი პროდუქტის გაცნობა და მასთან მუშაობის გზების მოძიება. ასევე არ ქონდათ ტექნიკურად გამართული სამუშაო გარემო მოძველებული და დაზიანებული ტექნიკის გამო. დასაქმებულები ითხოვენ ხელფასის 30%-ით გაზრდას.

2. პანდემიის დროს თანამშრომლებს არ ჰქონდათ წვდომა სამუშაო ინვენტარზე. დისტანციურ სამუშაო რეჟიმში იყენებდნენ საკუთარ კომპიუტერებსა და მოწყობილობებს, დასაქმებულების ნაწილს მოუწია სესხის გამოტანა კომპიუტერის შესაძენად, რადგან კომპანიამ უარი განუცხადა ტექნიკით უზრუნველყოფაზე.

3. სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოება არ იყო დაცული, როდესაც ოფისში ჭერი ჩამოინგრა დასაქმებულები მცირედით გადარჩნენ სავალალო შედეგს. ოფისში, ასევე არ იყო მოწყობილი მოსასვენებელი გარემო.

4. სამუშაო ფართობის სიმწირის გამო ვერ ხერხდებოდა სამუშოს ჯეროვნად შესრულება, რადგან ყველა ოპერატორის საუბარი ესმოდათ აბონენტებს რის გამოც დისკომფორტს განიცდიდა მომხმარებელი და ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია ნორმების დაცვით. დაუცველი იყო Covid 19-ის საწინააღმდეგო ჰიგიენური ნორმები – თანამშრომლები მუშაობდნენ ერთი და იგივე ყურსასმენებით, ჩატარებული დეზინფექციის შედეგად ჰქონდათ ალერგიული გამოვლინებები, ასევე სადენზიფექციო ხსნარის გახარჯვის შემდეგ არ ხდებოდა მისი ახლით ჩანაცვლება და ხშირი იყო ხელების საბანი და სასმელი წყლის არქონა.

5. კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ კვირაში 6 დღეს (45საათი და არასამუშაო დღეებში უწევდათ მუშაობა სურვილის მიუხედავად) და არ იღებენ კუთვნილ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას.

6. სამუშაო ინვენტარის მუშაობის პროცესში დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურებიდან ექვითებათ თანამშრომლებს.

ჩვენი ინფორმაციით, კომპანიამ ქოლცენტრში დასაქმებულების ნაწილთან უკვე შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და მათი გაფიცვა უარყო მედიასთან.
ჩვენ პირველ რიგში, მოვუწოდებთ დამსაქმებელს აწარმოოს დასაქმებულებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები მათ მიერ გაჟღერებული პრობლემების მოგვარების მიზნით. “– ნათქვამია განცხადებაში.


აქვე, პროფკავშირი ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც ჩანს მიმოწერა, რა თქმა უნდა ეს მიმოწერა საჭიროებს დაზუსტებას, თუ ვისი მხრიდან მოხდა ამ შეტყობინების გაგზავნა და არის თუ არა ის ნამდვილი.

ასევე, სხვა ფოტოებში ჩანს შემთხვევა, რა დროსაც ოფისში ჩამოინგრა ჭერი, რასაც თანამშრომლები შემთხვევით გადაურჩნენ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE