ფარცხალაძის განაჩენი გამოტანილია – ვახტან ძაბირაძე

355
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თუ ივანიშვილი აღიარებდა, რომ ფარცხალაძეს მართლა რაღაც აქვს არასწორად გაკეთებული, ეს იქნებოდა იმის განცხადება, რომ ხელისუფლება მას „კრიშავდა“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯმდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაეცვა.

„ბრალდებები, რომელსაც ფარცხალაძეს უყენებენ, ეს არის ბრალდებები, რომ ხელისუფლება მასთან არის გარიგებაში ანუ ფარცხალაძეს მიღებული აქვს კარტბლანში, რაც უნდა ის აკეთოს და არ დაისჯება. თუ ივანიშვილი აღიარებდა, რომ ფარცხალაძეს მართლა რაღაც აქვს არასწორად გაკეთებული, ეს იქნებოდა იმის აღიარება, რომ ხელისუფლება მას „კრიშავდა“, ამიტომ ივანიშვილი იძულებული იყო, რომ ფარცხალაძე დაეცვა.

ივანიშვილმა გუშინ ფარცხალაძესთან მიმართებაში რაც ილაპარაკა, ეს თემა ამით არ ამოწურულა, მას დაუდეს ფაქტები, იგივე ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან მიმართებაში, დავანებოთ თავი, იმას, ყიფიანთან რა ხდებოდა. თორდიასთან მიმართებაში ეს ისეთი ფაქტია, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნახა. ამის შემდეგ რით ან როგორ გინდა ფარცხალაძე გაამართლო, ეს არის პრობლემა, ამიტომ კი, გუშინ დაიცვა, მაგრამ „ქართული ოცნების“ წინაშე და თავად ფარცხალაძის წინაშეც ეს პრობლემა დგას. მათთვის ჯობს, თორემ კი ბატონო, მას შეუძლია, გააგრძელოს, რასაც აკეთებს, მაგრამ ამისთვის, მას, პასუხის გაცემა მოუწევს, როცა დრო მოვა“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს, ოთარ ფარცხალაძის განაჩენი გამოტანილია და საზოგადოება არ დაიჯერებს, რომ მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის.

„ფარცხალაძე საკმაოდ მძიმე ვითარებაშია, სამართლებრივად რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვერდიქტი ამ კაცის მიმართ გამოტანილია. 100%-იანი მართალიც რომ იყოს ყველაფერში, რაშიც მას ედავებიან, საზოგადოება ამას უკვე აღარ ირწმუნებს და არ დაიჯერებს. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ფარცხალაძის განაჩენი გამოტანილია, იმიტომ რომ ის იძულებული იქნება, ამ პროცესს სამართლებრივი და არამარტო სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, უბრალოდ, საზოგადოება ვერ დაიჯერებს, რომ ფარცხალაძეს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ეს პრობლემა გაჩნდა, ამიტომ ივანიშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, კი ბატონო, სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ფარცხალაძის საწინააღმდეგოდ, შეიძლება, არაფერი იქნას გამოყენებული, მაგრამ როდემდე იქნებიან ესენი ხელისუფლებაში? როდემდე გასტანს ეს? თვითონ ფარცხალაძეს აქვს ეს პრობლემა. ბოლოს და ბოლოს, ფარცხალაძის მიმართ იმდენად დიდი იქნება საზოგადოების ზეწოლა, რომ უკვე არის აზრი ჩამოყალიბებული – ყველაფერს ოთარ ფარცხალაძე განაგებს. არის თუ არა ეს რეალური, ეს უკვე სამართლებრივად მეორე პლანზე გადავიდა, რადგან მოსახლეობას უკვე ასე სჯერა, ამიტომ ამას ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ყოფილ მთავარ პროკურორს ურჩევს, არსებულ ვითარებას გაერიდოს.

„ყველაზე კარგია, თუ ჩემს რჩევას მიიღებს და გაითვალისწინებს ფარცხალაძე, რომ თუ აქვს შესაძლებლობა, გუდა-ნაბადი აიკრას და ამ ვითარებას გაერიდოს, ეს გაცილებით უკეთესი იქნება მისთვის, რადგან დავიწყებას მიეცემა, ვიდრე ის, რომ თავის მართლება გააგრძელოს“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE