ზვიად გამსახურდიას შვილები პროკურატურასთან შიმშილობენ

442
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით მისი შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ. 2018 წლის 31 დეკემბერს აღნიშნულ საქმეს ხანდაზმულობის ვადა ეწურება და ამის შემდეგ საქმე ავტომატურად შეწყდება, სწორედ ამ მოტივით ისინი ითხოვენ, რომ მოხდეს გამოძიების განახლება.

“ვაგრძელებთ შიმშილობას მთავარი პროკურატურის მისაღებში! უარი ვთქვით პროკურატურის მესვეურებთან არაფრისმომცემ შეხვედრაზე, რადგან არ მოგვცეს შეხვედრის ჩაწერის საშუალება… ჩვენ ხალხისგან დასამალი არაფერი გვაქვს, არც ამათი სიფათების სანახავად მოვსულვართ და არც რამეზე ცალკე საჭიკჭიკოდ!

ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას მკვლელის დასჯას და საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას, რადგან ორ კვირაში, 31 დეკემბერს იწურება ხანდაზმულობის ვადა და საქმე იხურება.

გვესტუმრნენ, გაგვამხნევეს მამას ძველმა თანამებრძოლებმა, მოვიდა მალხაზ მახალიკაშვილი მეგობრებთან ერთად, თაკო ჩარკვიანი და მისი მეუღლე, ჯონი გიგანი, სხვა ჩვენი პირადი მეგობრები ახლაც აქ არიან  სამშაბათს, 18 დეკემბერს, დღის 4 საათზე, გთხოვთ მობრძანდეთ საპროტესტო აქციაზე მთავარ პროკურატურასთან!”– წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქში.

ასევე ფეისბუქში წერს კონსტანტინე გამსახურდიაც

“დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა KGB-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე. ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი.

დღესაც, პროკურატურაში მოსულთ იგივე სიტუაცია დაგხვდა, ამიტომაც ვაცხადებთ შიმშილობას პროტესტის ნიშნად მთავარი პროკურატურის მისაღებში, ვახტანგ გორგასლის ქ. 24, რათა ბოლოსდაბოლოს სამართალი აღსრულდეს და ეს საქმე გამოძიებულ იქნეს. უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ასევე შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. იძულებული ვარ გადავდგა ეს ნაბიჯი მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE