ეს არის ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზა ამომრჩეველმა მიიღოს ყველაფერი – ზვიად ავალიანი

282
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

არ მესმის „ქართული ოცნების“ იმ ამომრჩევლების, რომლებსაც მოსწონდათ ოცნების 2012 წლის პროგრამა, მაგრამ შეუსრულებელი დაპირებების გამო თავს მოტყუებულად გრძნობენ და უკვე მეექვსე წელია ელოდებიან მითიურ „მესამე ძალას“, რომელიც მათ ყველა სურვილს შეასრულებს.

არა – განა მესამე ძალა არ გვჭირდება… გვჭირდება და არა მხოლოდ მესამე, არამედ მეოთხე, მეხუთე და კიდევ უფრო მეტი ძალაც გვჭირდება რომ არჩევანი რაც შეიძლება უფრო მეტად მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ ყველა ძალას საკუთარი განსხვავებული იდეოლოგია უნდა ჰქონდეს და საკუთარი ამომრჩეველი უნდა ჰყავდეს, რომელიც მას აკონტროლებს.

რეალურად, სწორედ ამაშია „ძალების“ აზრი და დანიშნულება, თორემ თუ ამომრჩეველს პარტიული ბიუროკრატიისა და ზოგადად პოლიტიკური ელიტების კონტროლი არ შეუძლია, რამდენი „ძალაც“ არ უნდა გამოიცვალოს, ვითომ რატომ იქნება მომდევნო „ძალა“ წინაზე უკეთესი?

ცხადია გასაგებია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც „ოცნება“ შესაძლოა არც 2012 წელს მოსწონდათ და მათი გადასახედიდან უბრალოდ „ნაკლები ბოროტების“ პრინციპით მისცეს ხმა. პრინციპში ეს ისედაც სხვა პარტიების ელექტორატია და ისინი 2013 წლიდან უკვე აღარც აძლევენ ხმას „ოცნებას“ ან მხოლოდ უკიდურეს ვარიანტში აკეთებენ ამას. მაგალითად, სწორედ ეს მოხდა სალომე ზურაბიშვილის არჩევისას, მაგრამ ხომ იყვნენ და არიან ისეთებიც, ვისაც „ოცნების“ პროგრამა მართლა პროგრესულად მიაჩნდათ?

აი სწორედ მათი არ მესმის – ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი რჩეული აკონტროლონ და თუ საჭიროა პერიოდულად ცივი შხაპის ქვეშაც დააყენონ, ისინი უპრობლემოდ ეგუებიან იმ აზრს რომ მოტყუვდნენ და იწყებენ ახალი იდეალის ძებნას, რომელშიც არავინ იცის რატომ, მაგრამ აღარ მოტყუვდებიან.

ერთი შეხედვით კურიოზია, მაგრამ ამ იმედგაცრუების გარდაუვალობას და „მესამე ძალის“ ძებნის აუცილებლობას ყოველმხრივ ახალისებს თვით პოლიტიკური ელიტაც. როგორც ჩანს ესეც ჟანრის კანონია – მთავარია ამომრჩეველმა შიდაპარტიული რეფორმები არ მოითხოვოს და ბიუროკრატია მზადაა თუნდაც ძალაუფლების ნაწილი ან, ოდესმე მთელი ძალაუფლებაც კი დაუთმოს რომელიმე ახალ ბიუროკრატიას რაც ხალხისთვის დიდი ალბათობით ისევ იმედგაცრუებით დასრულდება.

რატომ ხდება ასე?

ვფიქრობ იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ამომრჩევლებმა ვერ გავაცნობიერებეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – არჩევნების დღეს ჩვენ ვირჩევთ არა პიროვნებებს, ჩინოვნიკებს ან ბიუროკრატიას, არამედ გარკვეულ იდეებს და კურსს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკოსებს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ამ იდეებს განასახიერებენ, ისინი ნებისმიერ შემხვევაში მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ იმისთვის, რომ რეალურად გაატარონ ცხოვრებაში ეს იდეები და კურსი.

აქედან გამომდინარე გაუგებარია რატომ უნდა დაუთმოს ამომრჩეველმა საკუთარი ძალისა და თავგანწირვის ფასად ხელისუფლებაში მოყვანილი პარტია საკუთარი ნებით რომელიმე ჩინოვნიკს და თავად რატომ უნდა წავიდეს ისევ ლატარიის სათამაშოდ მაშინ, როცა დემოკრატიის ყველა კანონის თანახმად ხალხსა და ბიუროკრატიას შორის უთანხმოების შემთხვევაში სწორედ ბიუროკრატიამ უნდა დათმოს და არა ხალხმა?

ბოლოს და ბოლოს, როცა ვლაპარაკობთ „ძალებზე“ საერთოდ ვინ არის ძალა? მაგალითად, ვინ არის „პირველი ძალა“? „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი თუ „ქართული ოცნების“ ბიუროკრატია? რასაკვირველია ძალა ამომრჩეველია რადგან ის არის მთავარი და შეუცვლელი მოქმედი გმირი პოლიტიკურ პროცესში და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება შეუძლია თუნდაც საკუთარ გონებაში ჩაატაროს პატარა ექსპერიმენტი და შეამოწმოს ვისი შეცვლა უფრო მარტივია – ბიუროკრატიის თუ ამომრჩევლის.

ფაქტია, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი და მთელი ბიუროკრატიაც კი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ქვეყანაში ვერავინ იპოვის კიდევ სხვა ერთ მილიონ ამომრჩეველს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს სხვა ერთი მილიონი ადამიანი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს.

ამიტომ „ოცნების“ ძველ მხარდამჭერებს მე ვურჩევდი ვიდრე „მასამე ძალის“ ძებნას დაიწყებენ, ჯერ საკუთარი ძალა გააცნობიერონ, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა უკანასკნელი არჩევნების შემდეგ თავად ამ „მესამე ძალის“ პერსპექტივებიც საკმაოდ ბუნდოვანია…

დიახ – შეიძლება არაპოპულარულად ჟღერდეს, მაგრამ მიუხედავად მრავალპარტიულობის უპირობო მხარდაჭერისა, მოცემულ ისტორიულ ეპიზოდში მე ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთი „მესამე ძალის“ გამოჩენის წინაპირობებს, რომელსაც პირველ ორ ძალაზე უფრო ძლიერი იქნება და აქედან გამომდინარე შეიძლება განვიხილოთ, როგორც მათი პირდაპირი ალტერნატივა.

რეალურად, ასეთი „მესამე ძალის“ ჩამოყალიბებისთვის იდეალური პერიოდი იყო 2012-2018 წლების მონაკვეთი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სტაბილურად იყო „გაყინული“ 300 ათას ხმაზე და საერთოდ, არსებობდა ძალიან დიდი ელექტორალური რესურსი, რომელიც სავარაუდოდ სწორედ „მესამე ძალას“ ელოდებოდა, მაგრამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ ადამიანების უდიდესმა ნაწილმა არჩევანი მაინც გააკეთა.

ერთმა ნაწილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა რომ „მესამე ძალის“ ლოდინი უსასრულოდ გაიწელა და ისევ „ნაციონალური მოძრაობით“ გადაწყვიტა „ოცნების“ დაბალანსება, ხოლო მეორე ნაწილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რომ მიშა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მეორე ტურში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.

ამბობენ, რომ ეს იყო დროებითი მოვლენა და „მესამე ძალის“ გამოჩენის შემთხვევაში ეს ადამიანები ხმას სწორედ მას მისცემენ. შესაძლოა, მათი უმრავლესობა, ვინც მეორე ტურში 48 შემოხაზა, ასეც მოიქცეს, მაგრამ გარწმუნებთ, ნებისმიერი „მესამე“ ან თუნდაც „პირველი“ ძალისთვის ძალიან რთული ამოცანა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამომრჩევლის „წართმევა“.

ყოველ შემთხვევაში – ეს იქნება გაცილებით რთული, ვიდრე იგივე ადამიანების მიმხრობა იქნებოდა 2012-2018 წლებში.

ერთი სიტყვით – ორპოლუსიანი სისტემა საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა და „შუაში“ ამჯერად ამომრჩეველიც კი ვეღარ დარჩა… ამიტომ, მართალია მომავალში აუცილებლად გაძლიერდებიან სხვადასხვა პარტიები და შესაძლოა ბევრი ახალი პარტიაც კი ვიხილოთ, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ყველა მათგანს მოუწევს ამა თუ იმ ფორმით ორიდან ერთ-ერთ მთავარ ძალასთან თანამშრომლობა, სულ მცირე იქამდე, სანამ მათი რესურსები არ გათანაბრდება, რაც საეჭვოა ახლო მომავალში მოხდეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ 2012 წლის „ქართული ოცნების“ იდეებს და ხელისუფლებაში მოიყვანეს ეს ძალა, ახლა ისევ ოპოზიციაში კი არ უნდა წავიდნენ და ისევ ნულიდან კი არ უნდა დაიწყონ ყველაფერი, არამედ უნდა მოუწოდონ და თუ საჭიროა, აიძულონ კიდეც პარტიული ბიუროკრატია დაემორჩილოს ამომრჩევლის ნებას.

ეს არის ყველაზე მოკლე და ყველაზე ეფექტიანი გზა ამომრჩეველმა მიიღოს ყველაფერი, რასაც მისცა ხმა 2012 წლის ოქტომბერში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი ვერ შეძლებს ისეთი გამოუცდელი და პრინციპში საკმაოდ სუსტი ბიუროკრატიის კონტროლსაც კი, როგორიც „ოცნების“ ბიუროკრატიაა, მაშინ ის მით უმეტეს ვერასდროს გააკონტროლებს ვერავითარ „მესამე ძალას“.


ავტორი: ზვიად ავალიანი - ანალიტიკოსი
თქვენი კომენტარი?
IMG.GE