„ვეფხისტყაოსნის“ სამშობლოში ქაჯეთი ვერ გაიმარჯვებს – დავით ოქიტაშვილი

744
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შემოვხაზოთ ის პარტია და იმ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ჩვენი დაცვა ევალება და არა დასჯა, ეჭვი არ მეპარება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სამშობლოში ქაჯეთი ვერ გაიმარჯვებს.”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი წერს ფეისბუქში:

“არჩევანის გაკეთება ყოველთვის უწევს ადამიანს. ყოველწუთიერად, ყოველდღიურად, ყოველწლიურად. ვირჩევთ მეგობრებს, ცხოვრების თანამგზავრს. ასეთ ეტაპზეც კი, იმედგაცრუება ძალზედ რთულია, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო ალბათ ის არჩევანია, რომელსაც 31 ოქტომბერს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა.

ყოველგვარი გულგრილობა და პრინციპი – „ხელები დამიბანია“ – ღალატია; ღალატი საკუთარი თავისა, ოჯახისა, ქალაქისა და სამშობლოსი. ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე არმისვლა მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობაა და მას გამართლება არა აქვს. არჩევანი კი, როგორც არასდროს, უნდა იყოს ზნეობრივი, მორალთან და საკუთარ თავთან მართალი; არა პირადი, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებით გაჯერებული.

შემოვხაზოთ ის პარტია და პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, რომლის არჩევისას ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ თავისუფალი სივრცე, სიტყვა და მედია არასდროს შეილახება და სამშობლოს მიწებს არავინ გაგვიყიდის, შემოვხაზოთ ის პარტია, რომელიც დაიცავს ჩვენს უფლებებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით; როგორც თავისუფალ გარემოში, ასევე საპატიმროში; როგორც მატერიალური გაჭირვების, ასევე მატერიალურად უზრუნველყოფილი მდგომარეობის დროს.

მძიმეა იმის გაფიქრებაც კი, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა არჩევანიც – „ჩაკლული სულის“, დახოცილი ბიჭების, წართმეული თავისუფლების „შემოქმედი“ პარტია იყო. სულერთია, „გადახალისებული სიებით“ თუ ცოლის ქმრით ჩანაცვლებით; მაინც ერთნაირად ბოროტი და ზნედაცემულნი არიან სხვადასხვა სატელიტ პარტიებში გადანაწილებულნი ე.წ. „გავარდნილები“;

ასე, რომ ყურადღებით ვიყოთ, წავიდეთ არჩევნებზე, გავიხსენოთ ჩვენი უახლესი წარსული, ადამიანები არ იცვლებიან, მხოლოდ ნიღბებს იცვლიან. შევადაროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მართლაც ბევრად უკეთესია, ხვალ კი – საუკეთესო იმედის საფუძველს იძლევა. ბოლო დროის მოვლენებმაც ლაკმუსი გადაასხა და გამოავლინა ტყუილ-მართალი, სახელმწიფოს დაუწუნეს ადამიანთა გადარჩენა; სამედიცინო მენეჯმენტს დაუწუნეს მრავალი ადამიანის მკურნალობა; სენსაციაზე აგებული მათი ტელევიზიები, ჩასაფრებული ჟურნალისტებით არ ტოვებენ არც ერთ, თუნდაც უმნიშვნელო შეცდომას (ნაკლი ყველას აქვს) და მას სპილოდ აქცევენ; უტევენ იმ სახელმწიფოს, სადაც მძევლის, ავადმყოფის და ბავშვის, ზოგადად თითოეული მოქალაქის გადაარჩენაა უმთავრესი; უკვირთ, ბატონებო, უკვირთ; მათთვის ხომ მთავარია ინსტიტუციები ფურცელზე, რომელიც ამართლებს ადამიანთა გაქრობასა და დამცირებას.

მთავარი არჩევანი ჩვენზეა – შევძლებთ თუ არა დავიცავთ ჩვენი და სხვისი სიცოცხლე და თავისუფლება; ან მოვატრიალებთ სახეს და მივცემთ უფლებას ძალაუფლება დაკარგულ მგლებს, ისევ ცხვრებად რომ გადაგვაქციონ (მე ცხვარი არ და ვერ ვიქნები).

სწორი განსჯის უნარს გისურვებთ და ეჭვი არ მეპარება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სამშობლოში ქაჯეთი ვერ გაიმარჯვებს.”- წერს დავით ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE