MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

კომპანიების უმეტესობა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ახალი კადრის აყვანას და ამ პროცესს ხშირად პროფესიონალები კურირებენ. პროფესიონალური გასაუბრებები კი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ჩვენ ამოვარჩიეთ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები, დაუსვით ეს შეკითხვები საკუთარ თავს და ნებისმიერი ვაკანსია თქვენი იქნება.

1. მოგვიყევით თქვენს შესახებ.

ეს საუკეთესო მომენტია საკუთარი პიარისთვის, ისაუბრეთ იმაზე რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც პირდაპირ არ ეხებოდეს სამსახურს. ისაუბრეთ განათლებაზე, თქვენს მოტივაციაზე და გამოცდილებაზე.

2. რატომ გინდათ ეს სამსახური?
ამ კითხვის დასმისას კომპანიას აინტერესებს რა იცით მასზე. სასურველია წინასწარ გაეცნოთ კომპანიის პროექტებს და მისიას. სწორედ ეს ცოდნა უნდა გამოაჩინოთ ამ დროს.

3. რატომ უნდა აგირჩიოთ?

მშვენიერი მომენტია, რომ გაიხსენოთ ვაკანსიაში ჩამოთვლილი კვალიფიკაციები და მიუსადაგოთ საკუთარ რეზიუმეს და გამოცდილებას.
4. რა არის შენი ძლიერი მხარე?
ამ კითხვაზე პასუხი ყველა ვაკანსიისთვის ინდივიდუალურია. ხაზი გაუსვით სწორედ იმ დადებით თვისებებს, რომელიც ამ საქმის კეთებისას ყველაზე მეტად გამოგადგებათ.

5. რა არის თქვენი სუსტი მხარე?
გასაუბრებაზე დამქირავებელი პირველ რიგში არკვევს რამდენად შეძლებთ სირთულეებთან გამკლავებას. ისეთი სისუსტე აირჩიეთ რომელიც შეიძლება უპირატესობად წარმოაჩინოთ.
6. რატომ გსურთ სამსახურის შეცვლა?

თუ ამ გასაუბრებაზე სხვა კომპანიაში დასაქმებულის სტატუსით მოდიხართ, ეთიკური და თავშეკავებული პასუხი უნდა გქონდეთ მზად. ისაუბრეთ ფაქტებით ზედმეტი დეტალების გარეშე.

7. როგორია თქვენი სახელფასო მოლოდინი?
კომპანიას არ აქვს უფლება გკითხოთ რამდენს გიხდიან სხვა კომპანიები, თუმცა ყოველთვის დაინტერესდებიან თქვენი სახელფასო მოლოდინებით. მნიშვნელოვანია საკუთარითავი არ გადააფასოთ და არც ჩამოაფასოთ. პასუხი უნდა იყოს ვაკანსიასთან და თქვენს ჯვალიფიკაციასთან სრულ შესაბამისობაში.

8. როგორ უმკლავდებით სტრესულ სიტუაციებს?

თავი მოარიდეთ არაბუნებრივ პასუხებს, მაგალითად არ თქვათ რომ სტრესს იშვიათად განიცდით. ისაუბრეთ იმაზე როგორია მასთან გამკლავების თქვენეული ხედვა და ხერხები.

9. გაიხსენეთ ერთი რთული სიტუაცია და მოგვიყევით როგორ გაუმკლავდით.

ამ კითხვაზე სწორი და არასწორი პასუხი არ არსებობს. დამქირავებელი თქვენს რეაქციას დააკვირდება და თქვენს ქცევაში დაინახავს პასუხს, ამიტომ არ შეშინდეთ და მზად გქონდეთ დეტალებით გაჯერებული საინტერესო პასუხი.

გასაუბრების დროს იყავით უშუალო, განტვირთეთ სიტუაცია მსუბუქი იუმორით და კეთილგანწყობით. გახსოვდეთ თქვენს საკუთარ თავში რწმენა შეუმჩნეველი არ დარჩება და ყველაზე კარგი რეკომენდაციის საქმეს გაგიწევთ.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER