კონტურები გამოკვეთილია, ვნახოთ თუ გვეშველება რამე – ლევან ლორთქიფანიძე

440
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის პოსტი  საარჩევნო სუბიექტებზე.

“საარჩევნო ბიულეტენში ორმოცდაათი პარტია დაგვხვდება, დაუსრულებელ ჩამონათვალში გარკვევა ძალიან ძნელია. გარკვეული სისტემატიზაცია და დაჯგუფებაა საჭირო. ჩვენი საარჩევნო სუბიექტები ოთხ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:

ჯგუფი #1 – სახელისუფლებო გამოცდილების მქონე პარტიები.

ამ კალათში განვთესოთ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია”. ორივე პარტიას აქვს მართვის დიდი გამოცდილება, დაქსელილნი არიან მთელ ქვეყანაში, მობილიზებული ჰყავთ საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქტივი. ცოცხლობენ ერთმანეთით, ერთმანეთის ლანძღვით, ერთმანეთთან მტრობით. არ აქვთ გამოკვეთილი პროგრამა და მყარი იდეოლოგიური ხედვები, ერთმანეთს განსაზღვრავენ.

ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ამ ორ პარტიას შორის ელექტორალური უპირატესობა “ქართული ოცნების” მხარესაა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მაჟორიტარებად დასახელებული მილიონერების წყალობით, გავლენიანი სასულიერო პირებისა თუ სხვა ავტორიტეტების მხარდაჭერით, სააკაშვილის სრულიად დესტრუქციული ფაქტორისა და მილიარდერის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით “ქართულ ოცნებას” ნამდვილად შესწევს ენმ-ზე მეტი ხმის მოგროვების ძალა. საჭიროდ მივიჩნევ ყურადღება გავამახვილო ერთ უმნიშვნელო განსხვავებაზე – ენმ-ს სიის წევრები ცნობილი ადამიანები არიან, ქო-ს სია ანონიმური პირებით არის დაკომპლეტქებული.

 ჯგუფი #2 – მესამე ადგილისთვის მებრძოლი პარტიები

ეს ჯგუფი ყველაზე საინტერესო კალათაა. მასში შეგვიძლია გავაერთიანოთ პარტიები, რომელთაც “ქართული ოცნებისა” და ენმ-ს მსგავსი სტრუქტურები, ქსელები არ აქვთ აწყობილი, მაგრამ მაინც მოახერხეს მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა წინასაარჩევნოდ და აქვთ პრეტენზია მესამე ადგილზე გასვლის, ზოგიერთი სააკაშვილის გუნდის უკან მოტოვებასაც ისახავს მიზნად. ამ ჯგუფში ყველაზე მაღალია კონკურენცია და 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე დიდი ინტრიგა ნამდვილად იქნება ის, თუ ვინ დაიკავებს მათ შორის უპირატეს ადგილს. საშუალო დონის ინფრასტრუქტურის პარტიები არიან:

“ევროპული საქართველო” – ენმ-ის ანასხლეტი ძალა, ენმ-ის სააკაშვილის შემდგომი რანგის ლიდერებისგან შემდგარი პარტია, რომელიც სავსეა ე.წ. “პროფესიონალი პოლიტიკოსებით”. “პროფესიონალებს” დიდი გამოცდილება, ბევრი ცოდვა და უპრინციპობა გამოარჩევთ. დინოზავრების პარტია გამოდის ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პროგრამით.

 “ლელო” – TBC ჯგუფის პოლიტიკური განშტოება, გაუგებარი და ეკლექტური შემადგენლობით, სრულიად დაუსაბუთებელი პროგრამით. მამუკასა და ბადრის ჯიბის დაცვის გარდა პარტიის მიზანი გამოკვეთილი არ არის.

 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – მთავარი კონსერვატიული ოპოზიციური ძალა, რომელიც ორიენტირებულია ყველაზე ღარიბ და გაჭირვებულ მოქალაქეებზე (თუმცა, სიის პირველ ათეულში მაინც ჰყავთ რამდენიმე მილიონერი), მხარს უჭერს რუსეთთან ინტენსიური დიალოგს, სკეპტიკურად არის განწყობილი ნატოს მიმართ.

 “სტრატეგია აღმაშენებელი” – პოლიტიკა რომ იუსტიციის სახლი და მისი მომსახურეობა ჰგონიათ, ის ხალხი. მათი პროგრამაც სრულიად დაუსაბუთებელი და ტექნოკრატიულია. პარტიის მთავარი ნიშანი არაადეკვატურად ამბიციური ლიდერების ერთობაა. ეს ძალაც ენმ-ს ნასხლეტად შეიძლება კვალიფიცირდეს.

ჯგუფი #3 – პარტიები, რომელთაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ.

ამ ქვეჯგუფში ვაერთიანებთ იმ ძალებს, რომელთაც ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ. კალათის შემადგენლობა იდეოლოგიური და გამოცდილების თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანია: ლეიბორისტული პარტია, ნინო ბურჯანაძის პარტია, “გირჩა”, ლამის ნახევარი მილიონი დაუხარჯავს კახა კუკავას, ალიკო ელისაშვილის მოქალაქეთა კავშირი … მესამე რანგის ძალებთან მიმართებით რამდენიმე კითხვა უნდა დავსვათ: ვინ იქნება მათ შორის პირველი და შეძლებს თუ არა პირველადგილოსანი ჯგუფი #2-ის წევრებთან კონკურენციაში შევლას. ასევე საინტერესოა მოახერხებს თუ არა ყველა მათგანი ბარიერის გადალახვას.

 ჯგუფი #4 – დანარჩენები

კატეგორიაში “დანარჩენები” შეგვიძლია გამოვარჩიოთ გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, ეკა ბესელიას პარტიები. მათ გარკვეული პროფილი აქვთ გამოკვეთილი, მედია იცნობს და აშუქებს მათ აქტივობათა უმცირეს ნაწილს. თუმცა, ძალიან სათუოა, რომ ბარიერი გადალახონ და პარლამენტში შევიდნენ. სრულიად უშანსოდაც ნამდვილად არ არიან. კატეგორიების სხვა წევრებს მარტო ბიძაშვილები იცნობენ, ალბათ …

კონტურები გამოკვეთილია, ვნახოთ თუ გვეშველება რამე! მთავარი საარჩევნო კითხვა კი ასეთია: დაგვჭირდება თუ არა სამთავრობო კოალიცია და თუ დაგვჭირდება როგორი იქნება მისი შემადგენლობა.”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE