MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ ხმები წაართვა. უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიური და ხმაურიანი აქციები მიმდინარეობს საოლქო კომისიებთან, სადაც ადგილი აქვს მცირე ინციდენტებს და დაპირისპირებებს. ზოგიერთი პარალელს 2003 წლის მოვლენებთან ავლებს და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” სცენარით მოქმედებს. რამდენად აქვს შანსი ოპოზიციას, რომ 17 წლის წინანდელი მოვლენები გაამეოროს? – ამ საკითხზე Multimedia.ge-ს,  ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ესაუბრა და გამორიცხა პარალელის გავლება 17 წლის წინანდელ მოვლენებთან.

“არა, აბსოლუტურად არ არის გასავლები პარალელი 2003 წლის მოვლენებთან, მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი აბსოლუტურად სხვა ინტერვიუებს იძლევა რუსულ ენაზე და სხვა რამეს ამბობს ქართული მედიისთვის.

ის ამბობს, რომ უკრაინიდან წასვლას არ აპირებს მიუხედავად იმისა, რომ იქ საკმაოდ მძიმედ აქვს სიტუაცია და თუ საქართველოში ჩამოვიდა, გადასარევად იცის,  ბორკილებით დახვდებიან.

ის შეიძლება ძალიან ჭკვიანი, გამჭრიახი და პოლიტიკური ხლართვის დიდოსტატი  იყოს, მაგრამ ძალიან მხდალი ადამიანია, შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერანაირ საშიშროებას მისი ჩამოსვლის, იმდენჯერ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში და გადააგდო თავისი გუნდი და ამომრჩეველი, ამაზეა ზუსტად გაბრაზებული მელია, სწორედ ამიტომ მოხდა დაპირისპირება და კარგად იცის, რომ გუბაზ სანიკიძემ პროვოკაციულად ჩააგდო ეს თემა, ეს იყო სააკაშვილის მიწოდებული იდეა – “აბა ვნახოთ რა მოხდებაო”

მელიას არ სჭირდება კონკურენტი საქართველოში და ზოგადად, ამ ოპოზიციას სააკაშვილი არ სჭირდება, ისინი ცდილობენ დამოუკიდებელ თამაშს ამ პოლიტიკურ ველზე.”– ამბობს მოროშკინა.

კითხვაზე –  რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, რათა დასტაბილურდეს ვითარება, ლალი მოროშკინა პასუხობს, რომ ხმები უნდა გადაითვალოს, სადაც გამოჩნდება რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გაცილებით ნაკლები ეკუთვნის, ხოლო ხელისუფლებას, ან თუნდაც “პატრიოტთა ალიანსს” და  “ლელო”-ს, გაცილებით მეტი.

“ჩამოაშოროს ის ხმები “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც მათ არ ეკუთნით  და მუხანათურად აქვთ მითვისებული, დანარჩენი ეს ქუჩის პროცესი თითქმის მარგინალიზებულია და კიდევ უფრო გამარგინალდება, დავანებოთ თავი, თვითონ გამოჭამენ თავის თავს, ხომ ეტყობათ უკვე, რა დღეშიც არიან”- ამბობს ლალი მოროშკინა Multimedia.ge-სთან.

თქვენი კომენტარი?