თენგიზ ცერცვაძის წერილი და პასუხი

492
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის საპასუხო წერილი.

“ბატონო გიორგი, მოგესალმებით.

ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს თქვენს საქმიანობას გერმანიაში და მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა და დაფასება თქვენი, როგორც პიროვნებისა და პროფესიონალისადმი. მე ვიცნობდი მამათქვენს ბ-ნ ნოდარს, გამორჩეულ პიროვნებას და ასევე დიდ ექიმს და მეცნიერს და მიხარია, რომ თქვენ მის გზას ასე ღირსეულად აგრძელებთ.

განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მოქალაქეობრივ პოზიციას და საქართველოსადმი მხარდაჭერის უდიდეს სურვილს, რასაც ყოველთვის ვხედავდით და რაც თვალსაჩინოდ გამოვლინდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.

გავეცანი თქვენს 20 ოქტომბრის ფეისბუქ პოსტს გერმანიაში COVID-19-ის შემთხვევების მაღალი სიხშირისა და დაბალი სიკვდილობის თაობაზე. ძალიან ზუსტად და შთამბეჭდავად გაქვთ ჩამოთვლილი და დახასიათებული ყველა ის ფაქტორი, რამაც გერმანიის ასეთ წარმატებას ხელი შეუწყო.

ყველაფერი გასაგებია და დამაჯერებელი. გერმანია ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა ევროპაში და გასაკვირი არ არის, რომ COVID-19-ის პანდემიასაც ყველაზე კარგად უმკლავდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი სიტუაცია გვაქვს. COVID-19-ის შემთხვევების საკმაოდ მაღალი რიცხვი და დაბალი სიკვდილობა, კერძოდ:
ბოლო 2 თვის მანძილზე საქართველოში აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევების სერიოზული მატება, რაც დაკავშირებულა შეზღუდვების მოხსნასთან, მობილობის გაზრდასთან, მოსახლეობის მიერ დაწესებული რეგულაციების არასათანადო შესრულებასთან. შემთხვევების ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველომ, რიგი მიზეზების გამო (საარჩევნო პერიოდი და სხვ.) უარი თქვა განმეორებით სრული ან ნაწილობრივი lockdown-ის და შეზღუდვების შემოღებაზე. შედეგად ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა დღეში 2000-მდე, ხოლო შემთხვევების კუმულაციურმა რაოდენობამ 44 ათასს გადააჭარბა.

თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო იმ ფაქტს, რომ შემთვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველოს აქვს სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის. ამასთან, რაიმე უზუსტობა და მანიპულირება გამორიცხულია, რამეთუ საქართველოში ავადობის და სიკვდილობის აღრიცხვა ხდება ძალიან მკაცრად და ტრანსპარენტულად. ყველა COVID-19-ით დადასტურებული პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად იწერება COVID-19, მაშინაც კი, როცა ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი სხვა თანხმლები დაავადებებია, მაგ. მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე და სხვ. საქართველოში ა.წ. 2 ნოემბრისთვის 1 მილიონ მოსახლეზე გვაქვს COVID-19-ით ავადობის 10 681 შემთხვევა და სიკვდილობის სულ 86 შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების პროცენტი დადასტურებული COVID-19-ით პაციენტებს შორის (CFR) შეადგენს 0,8%-ს, რაც ყველაზე დაბალი მაჩენებელია ევროპაში სლოვაკეთის და რამოდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს შემდეგ.

შესაბამისად, საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე გერმანიაში, ხოლო სიკვდილობა – პირიქით, 1.5-ჯერ ნაკლებია. ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე მაგალითად, 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილობა საქართველოში 7-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთსა და იტალიაში, 8-ჯერ ნაკლები ვიდრე ინგლისსა და აშშ-ში, 9-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში და 12-ჯერ ნაკლები ვიდრე ბელგიაში.

საქართველო და მისი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია ევროპის ქვეყნებთან და მითუმეტეს გერმანიასთან და ამერიკასთან შედარებით. ჩვენ არ გვქონდა საშუალება გაგვეტარებინა ისეთი მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც გაატარა მაგ. გერმანიამ.

ჩვენ გავაკეთეთ მხოლოდ ის, რისი შესაძლებლობაც ჩვენი მოკრძალებული რესურსებით შეგვეძლო. დღეში საშუალოდ ვაკეთებთ 8-9 ათას PCR ტესტს, მოვახდინეთ საწოლების, მათ შორის რეანიმაციული საწოლების მაქსიმალური მობილიზება და გარკვეული შეფერხებებით, მაგრამ ვახერხებთ აქტიური COVID-19-ით პაციენტების 25%-ის ჰოსპიტალიზაციას, გვაქვს ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროში) COVID ავადმყოფების გარდაცვალების მხოლოდ ერთეული შემთხვევები, მოვამზადეთ და გადავამზადეთ ექიმები, მათ შორის ოჯახის და სასწრაფო დახმარების ექიმები და საშუალო სამედიცინო პერსონალი, შევიმუშავეთ პაციენტების ნაკადების მოძრაობის და მართვის ოპტიმალური ალგორითმი და შევეცადეთ დაგვენერგა COVID პაციენტების მოვლის და მკურნალობის მეთოდები და მიდგომები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს კურირებს ექიმთა მულტიდისციპლინური გუნდი, ვახდენთ COVID-19-ის ყველა პოტენციური სამიზნის მონიტორინგს, დაზიანებების ადრეულ გამოვლენას და მათ მკურნალობას. ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ პერიოდში ვახდენდით COVID პნევმონიის L და H ტიპების დიფერენცირება და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილებას.

მართალია, ახალი ავადმყოფების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო გვაქვს დაგვიანებები ტესტირებაშიც, სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმთან კომუნიკაციაში და ჰოსპიტალიზაციაშიც, მაგრამ მათი მასშტაბები ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ხდებოდა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ყველა პაციენტი, განსაკუთრებით მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები იღებს ადექვატურ სამედიცინო მოსმახურებას.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები, ჩვენი უცხოელი პარტნიორები აღნიშნულის მიზეზად თვლიან საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების ეფექტიან კლინიკური მართვას, მაგრამ ზოგიერთისთვის ძნელი ასახსნელია საქართველოში COVID-19-ით დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელი და ზოგჯერ არაადექვატურ შეფასებებსაც ვისმენთ, ასე მაგალითად – ალბათ გახსოვთ, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან ტელეხიდის დროს ქ-ნმა თამარ ჟამურაშვილმა თქვა, რომ გერმანიაში საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი სიკვდილობა იმით არის განპირობებული, რომ იქ პაციენტებს უფრო დიდხანს მკურნალობენ?! და მათ ECMO-ს აპარატები აქვთ?! რაც საქართველოში არ გვაქვს. ალბათ ხვდებით, რომ სრული ნონსენსია. როგორ უნდა გახდეს პაციენტის ხანგრძლივი მკურნალობა ან ECMO-ს აპარატის ქონა უფრო მაღალი სიკვდილობის მიზეზი.

აი, ასეთია სიტუაცია სადღეისოდ საქართველოში, რისი გაზიარებაც თქვენთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივრისთვის მიზანშეწონილად მივიჩნიეთ”,-აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

თქვენი კომენტარი?