აპირებს თუ არა დაბრუნებას პოლიტიკაში და როგორ აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? – ინტერვიუ გია თორთლაძესთან

598
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“არსად არ წავსულვარ, გარკვეული ტაიმ-აუტი აიღო ჩვენმა პარტიამ, რადგან არაინაირი დაფინანსება არ გვაქვს, რადგან არჩევნებში მონაწილეობა უფულოდ შეუძლებელია” – განაცხადა Multimedia.ge-სთან ინტერვიუში “საქართველოს დემოკრატიული პარტიის”   თავმჯდომარე გია თორთლაძემ, რომელიც რამდენიმე წელია, აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში აღარ იღებს მონაწილეობას, თუმცა აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.

დავდივარ მთაში, მას შემდეგ, რაც შევწყვიტე პოლიტიკური საქმიანობა, გადართული ვარ ალპინიზმზე, თუმცა პროცესებს ვაკვირდები და დიდი იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები.

რაც ეხება დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, წარმოუდგენელი რამ ხდება ქვეყანაში, ასეთი რამ არ გაუკეთებია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს. რასაც ახლა “ქართული ოცნება” და ივანიშვილი აკეთებს, ამას არ ჰქვია არჩევნების გაყალბება, ეს არის ქართული საზოგადოების გახრწნის მცდელობა.

ივანიშვილის მცდელობა, რომ მოისყიდოს ყველა, იყიდოს პოლიტიკური პარტიები, რაც გააკეთა თავის დროზე, როდესაც მოდიოდა პოლიტიკაში, იყიდა პირდაპირ ეს პარტიები და თითო-თითო მილიონი დაურიგა, რომლებიც მიეკედლნენ მას და შექმნეს ე.წ “ქართული ოცნება”, როდესაც გავიდა გარკვეული პერიოდი, ზოგს გაუნაწყენდა, ზოგიც თვითონ განაწყენდა და იმ კონფიგურაციით, რითიც მოვიდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება”, დაიშალა.”– ამბობს გია თორთლაძე.

რაც ეხება არჩევნების შედეგებს, გია თორთლაძე ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს და მასობრივად აყალბებს შედეგებს.

 გია თორთლაძის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ცდილობს იყიდოს ქართული საზოგადოება,მთლიანად იყიდოს საქართველოს მოსახლეობა.

“დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, არამარტო მის მიმართ, არამედ მათი მაღალჩინოსნების მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები, რადგან უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი,აქ იგულისხმება: ადამიანის უფლებების დარღვევა, სასამართლოს მოშლა მთლიანად, რომელიც არც სააკაშვილის დროს იყო კარგი, რასაც მართავდა ადეიშვილი, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა,ზუსტად იგივე მდგომარეობაა, თუ უარესი არა.

რაც ეხება სხვა მიმართულებებს,ზოგადად გაუარესდა ვითარება, მაგალითად დასაქმება, საქართველოში მიმდინარეობს გაღარიბების პროცესი.  ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომელმაც თითო ლარად წაიღო უზარმაზარი ტერიტორიები და შენობები, შეუძლებელია რომ ეს შერჩეს, ამიტომ ბოლომდე ებღაუჭებიან ხელისუფლებას, მაგრამ ის რასაც ის აკეთებს, როდესაც ცდილობს მთელი საქართველო იყიდოს და ადამიანები მოისყიდოს, გახრწნას, რომელიც არასდროს არ გამოუვა, გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ფინანსურად უჭირს, შესაძლოა დახარბდეს იმ თანხას, რასაც სთავაზობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ესენი მათი ამომრჩევლები და მეხოტბეები ვერ იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ უჭირთ.

ასევე სპეკულანტობენ პატიმრების ოჯახებით, ბიზნესმენებით, რომლებსაც თვითონ აგებინებენ ტენდერებს,ამიტომ მსგავსი სიბინძურე ქართულ პოლიტიკაში, მე არ მინახავს, მიუხედავად იმისა, არ მომწონდა შევარდნაძის დრო, სააკაშვილის დროსაც ბევრი დარღვევა ხდებოდა, მაგრამ ეს რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი.”- ამბობს გია თორთლაძე.

კითხვაზე, უნდა დაბრუნდეს თუ არა ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა”, გია თორთლაძე ამბობს:

ვინც გაიმარჯვებს, ის უნდა მოვიდეს. რატომღაც საქართველოში გვაქვს ასეთი მიდგომა, რომ პარტია, რომელიც აგებს არჩევნებს, მათ აღარ აქვთ დაბრუნების უფლება, თვალი რომ მივადევნოთ, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხან რესპუბლიკელები იგებენ, ხან დემოკრატები, თუ შევხედავთ გერმანიის მაგალითს, იქ ხან სოციალ-დემოკრატები, ხან ქრისტიან-დემოკრატები იგებენ, ასე რომ, ეს პოლიტიკური ცვლილებები არ არის ქვეყნისთვის კატასტროფა, მე არ ვამბობ იმას, რომ ივანიშვილი რომ წააგებს აუცილებლად სააკაშვილი უნდა მოვიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სხვა ძალები არ არსებობენ, ეს არის ივანიშვილი და ნაციონალური მოძრაობა თავის გაერთიანებასთან ერთად, სხვა პარტიები, რომლებიც არსებობენ, მუდმივად არიან 3 – 5 პროცენტის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაში მათი მოსვლა არის შეუძლებელი.

ჩემ თავს ვერ ვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის მეხოტბეს, მაგრამ ვაკვირდებოდი სხვა პარტიების წინასაარჩევნო კლიპებს,მსგავსი მიუღებელი ერთად დაგროვებული პარტიები არ მინახავს, კატეგორიულად მიუღებელი ხალხია, მათ არ აქვთ პრინციპები, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია ხედვა, ვერ ვიგებ რატომ ბლოკდებიან ერთმანეთთან, ვერ ვხედავ იმ სიებს, რომელშიც თანამოაზრეები უნდა იყვნენ და არა ფულის გამო. ქარვასლები გამართეს პარტიებმა და იხდიან წარმოუდგენელ ფასებს, რომ მოხვდნენ იქ და ფასეულობა, ღირებულებები მათ არ გააჩნიათ.

ვერ გაიგებ საქართველოში რა მიმდევრობის პარტიები არიან, ცენტრისტული თუ მემარჯვენე, ყველა იძახის ერთსა და იმავე სისულელეს, ალბათ თანამედროვე პოლიტიკისთვის ეს არის ქვის ხანა, მათი გამოსვლები, პროგრამები, რომელიც არ გააჩნიათ. აქვთ ერთმანეთის ჯიბრი და შური, წარმოუდგენელი რამ ხდება ჩემთვის ქართულ პოლიტიკაში და ეს არის სავალალო ამბავი. საზოგადოება არ არის მზად, რომ ხელისუფლების ცვლა მოხდეს მშვიდობიანად.

ხალხი მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ თავში აქვთ ერთი აზრი,  წააგოს რომელიმე პარტიამ, მოვიდეს სხვა და იძიოს შური, რასაც ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლება და არა მარტო, ქართული პოლიტიკური სპექტრი, პირველი დღიდან დამოუკიდებლობისა დღევანდლამდე, საქართველო პოლიტიკურად არ დამწიფდა, რომ პოლიტიკური პროცესები არ წარიმართოს ბინძური ფულის გარეშე  და იდგეს რაღაც პრინციპებზე, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს.

ერთ-ერთი შემაკავებელი ამ კატასტროფული პროცესისა არის კოალიციური მთავრობა, თუმცა ამასაც თავისი ნაკლი აქვს, რადგან მერე მიდის პორტფელების ვაჭრობა-განაწილება, თუმცა უნდა ვცადოთ, რადგან ერთხელ მაინც საქართველოში პირველად მაინც მოვიდეს კოალიციური მთავრობა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რადგან ეს ხალხი, ყველანი არიან ვაჭრები  ცუდი გაგებით, ბიზნესმენებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ.

დღევანდელ პოლიტიკური სპექტრს არ გააჩნია პრინციპები, ეს არის სამარცხვინო და დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის და მიკვდება გული ამას რომ ვუყურებ”– ამბობს გია თორთლაძე.

კითხვაზე, რამდენად სწორია ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევიდნენ, გია თორთლაძე იხსენებს 2007 წლის მოვლენებს, როდესაც მაშინდელი ოპოზიციის ნაწილმა, პროტესტის ნიშნად მანდატები დახია, თუმცა გია თორთლაძემ, მათგან განსხვავებით საკანონმდებლო საქმიანობაზე უარი არ თქვა და შევიდა პარლამენტში.

“მაშინაც შეიძლება სწორი ყოფილიყო პარლამენტში არშესვლა,მაგრამ მე, როდესაც გადავწყვიტე შესვლა, ვიყავი ერთი ადამიანი, არ მქონდა არანაირი პარტია და ჩემ გარდა, შევიდა კიდევ სამი პოლიტიკური პარტია, ანუ შედგა ოთხი პოლიტიკური პარტია და გადავწყვიტე შევსულიყავი.მე მაშინაც მომხრე ვიყავი, რომ ყველანი შევსულიყავით პარლამენტში, რადგან სხვა გზა პოლიტიკოსს, გარდა იმისა, რომ ჰქონდეს ტრიბუნა, არ არსებობდა.

ზუსტად ვერ ვამბობ, მაშინ რამდენი პროცენტი დაგვაკარგინა თუ წაგვართვა მმართველმა პარტიამ, მაგრამ ზუსტად ვამბობ, რომ ჩვენი კვლევებით, ის არჩევნები წავაგეთ, ამიტომ, რადგან არჩევნებს აგებ, უნდა შეხვიდე და იყო ოპოზიციაში.

ახლა, ოპოზიციამ არჩევნები მოიგო, ასე ჩანს, რომ ოცნებამ წააგო, მაგრამ არ თმობენ, ძალიან მძიმეა მათთვის, რადგან პოსტების გარდა, ტოვებენ ათასობით დარღვევას, აქ არ იგულისხმება მხოლოდ სასამართლოსა და ადამიანის უფლებები, აქ ვგულისხმობ მიტაცებულ და 1 ლარად ნაყიდ ნახევარ საქართველოს, ამიტომ არ უნდათ დათმობა, რადგან  სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება.”– ამბობს გია თორთლაძე ჩვენთან ინტერვიუში.

საუბრის ბოლოს კომენტარი ვთხოვეთ უკრაინულ ვებ გვერდზე, გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, რაზეც მან გვიპასუხა:

ვინ ჰკითხავს თემურ ალასანიას, რა პროცესები განვითარდება საქართველოში?  მე არ მინახავს ეს ჩანაწერები და არ ვიცი, რამდენად ავთენტურია, მაგრამ თუ ასეა, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებას რუსეთიდან მართავენ, ამაშია საქმე, რომ მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ინტერესებით და არა კერძო ან ვიღაცის ინტერესით.”- ამბობს გია თორთლაძე და საქართველოს ხელისუფლებას რუსული ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს, რაც მისი თქმით, გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკის ნახევარი მიბმულია რუსეთს, მათ შორის ფქვილის იმპორტი, რაც მისი აზრით, ყოვლად წარმოუდგენელია, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის პროდუქტზეა დამოკიდებული საქართველო.


Multimedia.ge – გიორგი ლაღიძე

 

თქვენი კომენტარი?