MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქ პოსტი:

“ოპოზიციის შეცდომები – 1

“ნაცმოძრაობამ” და მისმა პროპაგანდისტებმა ოპოზიციური წვრილფეხობა არჩევნებამდე აიძულეს, ეთქვათ, რომ თუკი “ქართულ ოცნება” მთავრობის დასატკიცებლად საკმარის ხმებს ვერ მიიღებდა, მასთან კოალიციას არ შექმნიდნენ. ეს იყო სააკაშვილის გეგმის ნაწილი. მას ოპოლიდერების პირობა სჭირდებოდა პოლიტიკურ ველზე მანევრირებისთვის.

ამ დროს კითხვა – “ვისთან შექმნით კოალიციას?” – რესპონდენტებმა ვითომ ფიქრსგარეთ გაატარეს, რადგან იგულისხმებოდა, რომ ალტერნატივა “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ყოფილიყო თავისი ყველაზე სტაბილური ელექტორატით.

შესაბამისად, ოპოზიციური წვრილფეხობა ხაფანგში გაება, – ნაცპროპაგანდას წამოეგო და უკანდასახევი გზა მოიჭრა.

ამ ფორმატში მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსი” იყო ცალკე, რადგან შავი ზღვა და კასპიის ზღვა უფრო ადრე შეერთდება, ვიდრე პატრიოტები “ოცნების” ალტერნატივად “ნაცმოძრაობას” მიიღებენ და რაიმე ფორმით გაერთიანდებიან ნაცებთან და ბოკერვილებთან.

თუკი პატრიოტები იმდენ ხმას მიიღებდნენ, რომ მათ გარეშე ვერც “ოცნება” და ვერც ნაცები კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნიდნენ, ახალ პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსი” მთავარი პოლიტიკური ძალა იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, “ოცნებასთან” და ნაცებთან შედარებით მცირედით განსხვავებული და უფრო ცოტა მანდატებიც რომ ჰქონოდა, – მის გარეშე მთავრობა, უბრალოდ, ვერ ჩამოყალიბდებოდა იმის გათვალისწინებით, რასაც ოპოზიციური წვრილფეხობა აცხადებდა.

ასეთია ელექტორალური რეალობა. ამიტომაც მიიღო “პატრიოტთა ალიანსმა” 4 და არა, ვთქვათ, 20 მანდატი: მისი ძალის დემონსტრირება ხელს არ აძლევდა არც “ოცნებას” და არც “ნაცმოძრაობას”.

თუმცა, რეალობის პატრიოტების საზიანოდ გაყალბებას შეცდომად ვერ ჩავუთვლით “ნაცმოძრაობას” და მის სატელიტებს. ეს მათი მიზანი იყო. მიზანთან ერთად საშუალება კი “ქართულ ოცნებას” ჰქონდა და გამოიყენა კიდეც. ოღონდ, თავის სასარგებლოდ: “ოცნებას” არაფერში სჭირდებოდა ვინმეს აზრის გათვალისწინება და ვინმეზე დამოკიდებულება.

კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც ოპოზიცია საკუთარ თავსაც ვერ უმხელს, თუმცა ძალიან კარგად იცის:

“ქართულ ოცნებას” უბრალო უმრავლესობა რომ ვერ მოეპოვებინა კიდეც, “ნაცმოძრაობა” მაინც ვერ შექმნიდა კოალიციურ მთავრობას, რადგან სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა ოპოზიციური წვრილფეხობისთვის იმაზე უფრო მიუღებელია, ვიდრე “ოცნების” მთავრობა და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა.

სააკაშვილმა ეს 1 ნოემბერს ნათლად დაინახა და სასწრაფოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა ესეც სატყუარა იყო მყიფე ოპოზიციური ერთობის შესანარჩუნებლად, რადგან სიკვდილივით ეშინია პოლიტიკურ ველზე “ნაცმოძრაობის” მარტო დარჩენისა. სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ მისი პარტია და თვითონ ისიც ქართველი ხალხისთვის წარსულია, სისხლიანი წარსული, რომელსაც არასოდეს დააბრუნებს და რომელსაც არასოდეს დაუბრუნდება. სააკაშვილმა ისიც იცის, რომ არჩევნებით ვეღარასოდეს ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, ურომლისოდაც არავინ და არაფერია. ამიტომაც აამუშავა რევოლუციური სცენარი, მაგრამ დროში აიჭრა: ახლა 2003 წელი არ არის და მისი ნამდვილი სახეც უკვე ყველამ დაინახა შინ თუ გარეთ.

სააკაშვილის პერსონის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას თავისი ახსნა აქვს და მძიმეწონიანი მიზეზი უახლოეს წარსულში უნდა ვეძებოთ. უფრო მეტიც, თვით “ნაცმოძრაობის” ლიდერთა შორისაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სააკაშვილის დაბრუნება და მისთვის მართვის სადავეების გადაცემა აბსოლუტურად მიუღებელია. ვინ იქნებიან ისინი სააკაშვილის პირობებში?! არც არავინ! და ეს ჩვენზე უკეთ იციან!

შესაბამისად, “ოცნების” და პატრიოტების” კოალიციაზე გაცილებით მყიფე ‘ნაცმოძრაობის” კოალიცია იქნებოდა, რაც პოლიტიკურ კრიზისს გააღმავებდა და ქვეყანას პერმანენტული საარჩევნო პროცესის ჭაობში ჩაითრევდა ანდა უფრო უარესი მოხდებოდა: ღია აღებ-მიცემობა გაჩაღდებოდა პარლამენტის კედლებში (ისე ხომ აკლია მაგ კედლებს პოლიტიკური სიბინძურე!).

ამიტომაც, ამ მოცემულობით, საქართველოსთვის კოალიციური მთავრობა დღეს არარეალური და აბსოლუტურად მიუღებელია: ვიღაცამ ხომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა?!

მეტსაც ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ საპარლამენტო მმართველობის მომხრეები და კოალიციური მთავრობის იდეით შეპყრობილები, ჩემი აზრით, საქართველოსთვის, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების, დესტრუქციის და კონტრდემოკრატიული პროცესების პირობებში, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებამდე და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაჩენამდე, უპრიანია საპრეზიდენტო მმართველობა და პარტიების გამსხვილება მსოფლმხედველობის და არა პოლიტიკური ლიდერების გარშემო. მაგალითები გნებავთ? სად არის “მოქალაქეთა კავშირი”? “აღორძინება”? “სოციალისტური პარტია”? კიდევ ჩამოვთვალო? სხვებიც მახსოვს.

მაგრამ საქმე ის არის, რომ “ქართული ოცნება” კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივას არც განიხილავდა და მუდმივად აცხადებდა, რომ უმრავლესობას მოიპოვებდა და მთავრობასაც დაამტკიცებდა.

ასეც მოხდა. უფრო სწორედ, ასეც მოხდება. და ამას ქართველი ხალხი, ვერ ვიტყვი, უკრიტიკოდ მეთქი, მაგრამ მიიღებს.

ხალხს სიმშვიდე სურს. განსაკუთრებით, კოვიდ-პანდემიის პირობებში, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი ეკონომიკურ ვარდნაზე, მძიმე ზამთარზე, უმძიმეს გაზაფხულზე და, საერთოდ, აპოკალიფსზე ლაპარაკობს გამოსავლის ნაცვლად და ხელისუფლებაც ვერაფერს სთავაზობს დასამშვიდებლად.

ეს ფაქტორები კი ხალხს კიდევ უფრო არწმუნებს, რომ აუცილებელია სტაბილურობა, რაც მიტინგებით არ მიიღწევა. უფრო – პირიქით!

ოპოზიციის პირველი და ყველაზე დიდი შეცდომა რეალობის აღქმის დაკარგვაა: მას სააკაშვილი შეეყარა, როგორც კოვიდი და, რაკი პროცესი თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ვერც კი მიხვდა, როგორ დაანგრია ვირუსმა ორგანიზმი!

(გაგრძელება იქნება)

დიდ ტექსტებს აქ ცოტა თუ კითხულობს და ჩემს დაკვირვებას გამოზოგილად შემოგთავაზებთ. მით უფრო, რომ ჭეშმარიტების პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER