ვიზიარებ, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები – ეკა ბესელია

375
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ის, რაც მოხდა გუშინ ცესკოსთან, რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ხელისუფლების მხრიდან იყო კანონის დარღვევა”- ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელიამ Multimedia.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იმ რაოდენობის ხალხის მიმართ,  რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იყო შეკრებილი, არ იყო საჭირო სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

“საერთოდ არ იყო საჭირო სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და მეორე, არ იყო გაფრთხილება მათ მიმართ,აშკარად იყო კანონის დარღვევის ფაქტი სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, ირიბად ხომ არ ერთვებიან სხვა ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის თამაშში, ვინაიდან ის გასცემდა მითითებებს ტელეეთერით, ეკა ბესელია პასუხობს:

“მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენი პარტია არ არის ამ აქციის ორგანიზატორთა შორის, მე, პირადად მივედი ხალხთან სოლიდარობისთვის და პროტესტის გამოსახატად, ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად ყველა ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, რომ უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები.

მე არც სააკაშვილის დირექტივების მიღებას ვაპირებ და არც მისი გეგმით მოქმედებას, ჩვენ გვექნება მოქმედების საკუთარი სტრატეგია,  აქციაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ ვართ სააკაშვილის რაღაც გეგმის მონაწილე.

რუსთაველის გამზირი, სადაც იმართება აქციები არ არის არცერთი პარტიის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფერო და არეალი, შესაბამისად არ მჭირდება არც არავის მოწოდება ან ნებართვის მიღება.

ის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციების რეჟიმში არიან, არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ აქვს ინდივიდუალური მოქმედების შესაძლებლობა”- ამბობს ეკა ბესელია.

იმ შემთხვევაში, თუ პროცესები რადიკალიზაციისკენ წავა, გაემიჯნებით ამ პროცესს?

“რა თქმა უნდა,  ახლაც დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ვიქნები თუ არ ვიქნები აქციებზე”- ამბობს ეკა ბესელია.

რაც ეხება საპროტესტო აქციებზე ნაციონალური მოძრაობის უპირატესობას, ეკა ბესელია ამბობს, რომ მათ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, შესაბამისად მას ყველა ოპოზიციურ პარტიაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

“დომინანტი კი არ არის “ნაციონალური მოძრაობა”, მას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის რეალობა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს”- ამბობს ეკა ბესელია, რომელიც უერთდება საერთო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა მიიღო.

“ქართულმა ოცნებამ 900 ათასზე ოდნავ მეტი ხმა მიიღო და მასზე მეტი მიიღო მთელმა ოპოზიციამ ერთად. ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს იყო იმ მასშტაბის გაყალბება, რამაც შეცვალა არჩევნების შედეგები, ამიტომ ვიზიარებ, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები”– განაცხადა ეკა ბესელიამ Multimedia.ge-სთან საუბრისას.

თქვენი კომენტარი?